შსს

ხმალაძე: შსს არ უნდა იყოს პოლიტიკური უწყება

პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.  უმრავლესობის წევრების თქმით, ეს მათი წინასაარჩევნო დაპირების ერთერთი მთავარი ნაწილი იყო.დეპუტატების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ძირითადი მიზანი უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფაა. რაც შეეხება პროკურატურაში ცვილებებს, ის მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს ეხება.

"ეს [შსს] არ უნდა იყოს პოლიტიკური უწყება, ის უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთხოება, რომელი პარტიაც გინდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ყველასთვის არის საერთო და ერთნაირად მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ წელს კანონსაც მივიღებთ და ეს გაყოფაც დასრულდება. რასაკვირველია, ზოგადად ეს პროცესი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ასეთი სამსახურების შექმნისა, ერთ დღეში ვერ დასრულდება. ამაზე კიდევ იქნება საჭირო მუშაობის გაგრძელება და თანდათანობით, ალბათ შევძლებთ, რომ მივიღოთ ისეთი ცივილიზებული სტრუქტურა, რომელიც მოემსახურება ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენ არ გვექნება მათ შიში, აი, ეს არის მთავარი. მეორე, ეს არის პროკურატურის რეფორმა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ისევ ვამბობ, ჩვენი საარჩევნო პროგრამაში ჩაწერილის შესრულება, რომ მთავარი პროკურორი იყოს ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და არა ისე, როგორც დღეს არის და უკვე მრავალი წელია ასეა. მთავარი პროკურორის დანიშვნაში, ისევე როგორც მის თანამდებობიდან გათავისუფლებაში, საბოლოო სიტყვა უნდა ეკუთვნოდეს პარლამენტს. აი ეს არის დაგეგმილი" - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საპარლამენტო უმცირესობაში რეფორმებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. თავისუფალი დემოკრატები საკუთარი ვერსიის წარმოდგენას გეგმავენ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ რეალური რეფორმის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

კომენტარები