მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე გაზარდა

.nbg.gov.ge

დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტით, ხუთ პროცენტამდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნულ ვალუტაში რეფინანსირებაზე მიბმული სესხების ღირებულებას გაზრდის. 

ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას უკავშირდება, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი წლის ბოლომდე მონეტარულ პოლიტიკას 5.5%-მდე გაამკაცრებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე არსებული საწვავის დაბალი ფასები ნაწილობრივ აბალანსებდა ინფლაციის მაჩვენებელს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს ინფლაცია სამიზნე 5% იქნება.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კლებას უკავშირებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაცვლით კურსში არსებულმა ცვლილებამ უკვე დაიწყო ქვეყნის იმპორტის მოთხოვნაზე გარკვეული ცვლილებების შეტანა, რის გამოც იმპორტირებული საქონლის მოცულობა მცირდება, იმპორტის შემცირება კი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე დადებითად აისახება. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა პირველ ივლისს გაიმართება. 

კომენტარები