იერუსალიმში, ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს საფლავზე წმიდა ცეცხლის ცერემონიალის მიმდინარეობა ქართული ტელეკომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არაპროფესიულად გააშუქა. მაყურებელს, მკითხველსა და მსმენელს მხოლოდ ერთი ინტერპრეტაცია შესთავაზეს. ტელეკომპანიებმა დადასტურებულ ფაქტად მიაწოდეს მრავალკონფესიურ საზოგადოებას, რომ მართლმადიდებელი პატრიარქის მიერ შესრულებული წესის შემდეგ სასწაული მოხდა - ცეცხლი ზებუნებრივად გარდამოვიდა. ყოველგვარი დათქმის გარეშე, ტელეკომპანიებმა მედიაქადაგება ოფიციალურ ვებგვერდებზე, სათაურებისა თუ ახალი ამბის ტექსტის მეშვეობით წარმოადგინეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ღია ტექსტით მიმდინარეობდა ერთი რელიგიის, მართლმადიდებლობის უპირატესობის ქადაგება ყველა დანარჩენზე. არც გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსებულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და არც სხვა ტელეკომპანიებმა არ დაუთმეს ეთერი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პოზიციას, რომელსაც არ მიაჩნია, რომ ცეცხლი ყოველწლიურად, დათქმულ დროს გარდამოდის. ამ ეკლესიის არქიმანდრიტები, რომლებიც იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად შედიან კუვუკლიაში, აცხადებენ, რომ ცეცხლს პატრიარქი და არქიმანდრიტი კუვუკლიაში მოთავსებული კანდლიდან ანთებენ. მათ შორის ერთი კი საჯაროდ შეაქვთ ქრისტეს სავარაუდო საფლავზე.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის, 16-ე მუხლის თ - ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს, რომ "პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება".
რესპექტაბელური დასავლური გამოცემები "წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას" - წმიდა ცეცხლის ცერემონიალად ან წმიდა ცეცხლის რიტუალად მოიხსენიებენ: washingtonpost, The New York Times, BBC, huffingtonpost და ა.შ
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური ვებგვერდი: "იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა"
- ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებგვერდი: "მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა"
- ტელეკომპანია იმედის ოფიციალური ვებგვერდი: "აღდგომის დღესასწაული - იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი გადმოვიდა"
- ტელეკომპანია მაესტროს ოფიციალური ვებგვერდი: "ცეცხლის გარდამოსვლა"