BONOBO საქართველოში

16 მაისს კულტურის სახლი BONOBO-ს უმასპინძლებს

Bonobo
bonobomusic.com

16 მაისს, შაბათს, კულტურის სახლი ბრიტანელ მუსიკოსს Bonobo-ს უმასპინძლებს. მუსიკოსი მსმენელს Dj Set-ს შესთავაზებს. ღონისძიების ორგანიზატორი Terminal-ია, რომელიც წლის ბოლომდე ივენთებს კიდევ გამართავს. ღონისძიებაზე დაუკრავენ ასევე ქართველი დიჯეები - Gio Shengelia და Tade. დასწრების მსურველებს ბილეთის შეძენა www.eventer.ge-ზე შეეძლებათ, ხოლო 13-15 მაისს ადგილზე სალაროც გაიხსნება.

Bonobo ბრიტანელი მუსიკოსის, Simon Green-ის მუსიკალური პროექტია, რომელიც აქტიურად მუშაობს 1999 წლიდან. 2000 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი Animal Magic, რომელსაც მოჰყვა კიდევ 4 სტუდიური ალბომი, მათ შორის ბოლო, The North Borders, 2013 წელს გამოვიდა Ninja Tune-ზე. Animal Magic-ის გამოსვლისთავანავე Bonobo აღიარებულ იქნა, როგოროც Downtempo მიმართულების მუსიკის ერთ-ერთ პიონერად და განმავითარებელად. ეს სტატუსი მას შეუნარჩუნა მისმა შემდგომმა რელიზებმა, 2003 წელს გამოშვებულ ალბომს, Dial 'M' for Monkey-ს სამ წელიწადში მოჰყვა ალბომი Days to Come, რომელსაც BBC Radio 1-სგან გადაეცა წლის ალბომის ჯილდო. 2009 წელს Simon Green-მა გადაწყვიტა თავის ალბომში ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტები შეეტანა, რის შედეგადაც მის ალბომში Black Sands შეიმჩნევა აფრიკული და აზიური ტრადიციული მუსიკის ელემენტები. Bonobo-ს მუსიკალური კარიერის ერთგვარი პიკია მისი უკანასკნელი ალბომი The North Borders, რომელიც ბრიტანულ ჩარტის (UK Albums Chart) Top 30 ალბომში მოხვდა. გარდა ამისა, ამ ალბომის მხარდასაჭერად, ბრიტანელმა არტისტმა დაიწყო ტურნე, სახელწოდებით "The North Borders Tour – Live", რომელიც წელიწად-ნახევარს გრძელდებოდა.

Bonobo მუსიკალურად ძირითადად Downtempo, Chilwave მიმართულებაზე ფოკუსირდება, რომელიც გაჯერებულია House-ის, Trip-Hop-ის და თანამედროვე ჯაზის ელემენტებით. გარდა წარმატებული სტუდიური საქმიანობისა, Bonobo გამორჩეულია ასევე თავისი Dj Set-ებით და ლაივ პერფორმანსებით. იგი ერთ-ერთი ის გამორჩეული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია, რომელიც თავისი ლაივ პერფორმანსებისთვის ბენდს იყენებს. 2004 წლიდან დაწყებული ეს პროექტი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ლაივ ბენდად იქცა ელექტრონულ მუსიკაში. 2013 წელს ჩატარებული ტურნეს, "The North Borders Tour – Live"-ის წყალობით გავლენიანი Resident Advisor-ის მკითხველმა იგი ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ აქტად აღიარა.

2014 წლის მეორე ნახევრისთვის და მთლიანი 2015 წლისთვის Bonobo აქტიურად მოგზაურობს თავისი Dj Set-ით, რომლის ხილვა შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ყველა ვენიუზე და ფესტივალზე, დაწყებული გერმანული Melt Festival-ით, დამთავრებული Ultra Music Festival-ით, რომელიც ყოველწლიურად იმართება მაიამიში.

რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზატორს - Terminal არის პროექტი, რომელიც 2015 წელს დაარსდა და საკუთარ თავში მოიაზრებს მუსიკალურ ღონისძიებებს, საგამოფენო სივრცეს აუდიო/ვიზუალური ხელოვნებისთვის, არტისტების და ივენთების პრომოუშენს. ასევე ეს არის ღია სივრცე ნებისმიერი კრეატიული იდეისთვის, რომელიც მედია არტის განვითარებას ემსახურება.

Terminal დაკომპლექტებულია ჯგუფისგან, რომელიც 2006 წლიდან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების ორგანიზებაში.

Terminal აქტიურად იქნება ჩართული ელექტონული მუსიკის ივენთების ორგანიზებაში, რომელიც მოიცავს როგორც ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, ასევე სხვადასხვა ივენთების სერიას. პროექტის მიზანია საქართველოში მედიაარტის განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ციფრული ხელოვნების და სხვადასხვა აუდიო/ვიზუალური პროექტების ინტეგრირებას მუსიკალურ ღონისძიებებში. პროექტის ფარგლებში იფუნქციონირებს ვებგვერდი, რომელიც მკითხველს ყოველდღიურად მიაწვდის ალბომების, ივენთების რეცენზიებს, რეკომენდაციებს და ელექტრონული მუსიკის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო სიახლეებს.

პროექტის მნიშვნელოვანი ასპექტია ქართველი და არა მარტო ქართველი არტისტების პრომოუშენი, რაც გულისხმობს სპეციალური სააგენტოს შექმნას (Booking Agency), რომელიც მოემსახურება მასში გაერთიანებულ აუდიო თუ ვიზუალ არტისტებს.

კომენტარები