ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყება აცხადებს, რომ საქმის მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით. საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას, ვინაიდან ბ. ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები, მიმდინარეობს დაკითხვები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები.
ასევე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოქმედებს პროკურატურის ცხელი ხაზი - 2 40 52 22 და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მომხდარის შესახებ გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, ვთხოვთ დაგვიკავშირდეს, კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
საქართველოს პროკურატურა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოახდენს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თბილისში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.