გიორგი მერებაშვილი

მერებაშვილი: ნაკრებში გამოძახებას ვიმსახურებდი

novasports.gr

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ მოახლოებული მატჩებისთვის (25 მარტს მალტასთან და 29 მარტს გერმანიასთან) დასახელებულ სიაში ვერ მოხვდა გიორგი მერებაშვილი. ფეხბურთელმა გასული სეზონი საბერძნეთის ჩემპიონატის ბინადარ ოფი-ში გაატარა, სათამაშო პრაქტიკასაც არ უჩიოდა და sportall.ge-სთან სანაკრებო სიაში ვერ მოხვედრის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

"არა მარტო მე, ბევრი ხედავდა, რომ ვიმსახურებდი 23-კაციან შემადგენლობაში მოხვედრას. ვიმსახურებდი იმას, რომ თუნდაც რამდენიმე წუთი მოეცა მწვრთნელს, რათა ენახათ, რა ფორმასა და რა კონდიციაში ვარ. 

ვითომდა, კლუბში გამოაგზავნეს ფურცელი, ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება გადავიფიქრეთო. ეს არის დიდი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია. არანაირი ფურცელი არ მოსულა კლუბში. ეს დამამცირებელი იყო კონკრეტულად ჩემთვის და არასერიოზული მიდგომა იყო თავად ნაკრების მხრიდან," - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

ოფი-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მერებაშვილი და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ახალ კლუბს ეძებენ. ამის მიუხედავად მერებაშვილი მიიჩნევს, რომ ნაკრებისთვის დამაკმაყოფილებელ სათამაშო ფორმაში იმყოფება.

"საბერძნეთის ჩემპიონატი არ არის ხელწამოსაკრავი. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. ვთამაშობთ ოლიმპიაკოსთან, პაოკ-თან, პანათინაიკოსთან. იმის გათვალისწინებით, თუ რა გუნდში და რა პირობებში ვემზადებოდით, საუცხოო სეზონს ვატარებ, ძალიან კარგი პრესა და გამოხმაურება მაქვს. 

ვიმსახურებდი თუნდაც იმას, რომ მალტის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშში 10-15 წუთი მაინც დაეთმოთ და მოეცათ შანსი, რათა ენახათ, რა ფორმაში და რა კონდიციაში ვარ. ეს შეეძლოთ ვარჯიშებზეც ენახათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა," - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს ამახანაგურად, მალტის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

კომენტარები