ბავშვები სკოლაში 5 წლიდან

ახალი კანონპროექტის მიხედვით სკოლაში ბავშვის მიყვანა 5 წლიდან შეიძლება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელის მიხედვითაც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანა შესაძლებელი იქნება.

მმართველი უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, 62 ხმით, 7-ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიღებულია.

კანონპროექტის ინიციატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა სუბელიანი იყო.ნაციონალური მოძრაობის განმარტებით, მშობელს, სურვილის შემთხვევაში, შვილის სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან შეყვანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. კობა სუბელიანის თქმით, პირველი მოსმენისთვის წარდგენილი პროექტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით კომპრომისულია, რადგან საუბარია ექვს წელთან მიახლოებულ ბავშვებზე, რომლებიც აღნიშნული ასაკის სასწავლო წლის დაწყებიდან დეკემბრამდე პერიოდში ხდებიან.

ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვი სკოლისთვის მზად არ არის და პროექტს მხარს არ უჭერენ.

დანარჩენი ორი საპარლამენტო მოსმენა უახლოეს მომავალში შედგება.

კომენტარები