ბიზნესგარემოს გაუმჯობესება

კვირიკაშვილი: ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით პრობლემები და ხარვეზები გვქონდა

government.gov.ge

ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით პრობლემები და ხარვეზები გვქონდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, იგეგმება ბიზნესგარემოს მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები.

 „რაც შეეხება ბიზნესგარემოს მასტიმულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებს, უმთავრესი, რაზეც ჩვენ ვიღებთ აქცენტს, ეს არის ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ნებისმიერი ახალი ინიციატივების გაჟღერებამდეც კი. რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში გარკვეულად იყო პრობლემატური და არასწორი მესიჯები გავიდა რამდენიმე შემთხვევაში ბიზნესის მიმართულებით. ბევრი ხარვეზი აღმოიფხვრა და ამ ტიპის კანონმდებლობა შეჩერებულ იქნა, ზოგიერთი შუაგზაში, შუა განხილვაში, მაგრამ ეს უკვე იყო ხარვეზი და ეს უნდა ვაღიაროთ. კომუნიკაციის გაუმჯობესება აუცილებლად მოხდება ბიზნესთან. ახალი ინიციატივების გაჟღერებამდე, ახალი რეგულაციების ზემოქმედების შეფასების მექანიზმები იმუშავებს და ამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, სამშენებლო სექტორშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დღგ-ის ლიბერალიზაცია.

„2008 წლამდე გაცემული და დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის მოხდა გადასახადის ჩამოწერა. ამან მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა და რამდენიმე ობიექტის მშენებლობა ამ დღეებში განახლდა და რამოდენიმეს მშენებლობა უახლოეს მომავალში იწყება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, უცხოელთათვის ბინადრობის მინიჭება და ვიზების გამარტივებაც ამ საკანონმდებლო პაკეტშია გათვალისწინებული.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გადასახადების ლიბერალიზაციის კუთხით იგეგმება ძალიან სერიოზული ნაბიჯები, რასაც უახლოეს პერიოდში დააანონსებენ.

ცნობისთვის, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები