გრაკლიანის არექოლოგიური ძეგლი

გრაკლიანისთვის ეროვნული ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

დღეს, 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური მიმართულების საპრეზენტაციო დარბაზში გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე გამოვლენილი უძველესი არტეფაქტები გამოიფინება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა - გრაკლიანის არაქეოლოგიურ ძეგლს მთავრობამ აღმოუჩინოს მხარდაჭერა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიანიჭოს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახლადაღმოჩენილი გრაკლიანი, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს 2007 წელს გამოვლინდა, ყოველწლიური არქეოლოგიური კვლევების შედეგად (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი) ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში. გრაკლიანის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხში დაინტერესებულია იკრომის გენერალური დირექტორი სტეფანო დე კარო.დარგის სპეციალისტების თვალსაზრისით, თითქმის ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გრაკლიანმა დამსახურებულად მოიპოვოს ეროვნული კატეგორიის სტატუსი, რაც მისი დაცვისა და განვითარების მექანიზმებს კიდევ უფრო გაამყარებს.

სააგენტოს ცნობით, გრაკლიანის უდიდესი კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებია - ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული. მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი - ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება, მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუქში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.


ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

"გრაკლიანი გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების 300 000 ათას წლიანი უწყვეტი განვითარება დასტურდება ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით. "გრაკლიან გორაზე" გამოვლენილ ტერასებზე ინტენსიურად განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV-ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი - სატაძრო კომპლექსი ( ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენითა შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.

ადგილზე აღმოჩენილ მასალათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კერამიკაა, ასევე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთები. ადგილობრივ მასალებთან ერთად, დადასტურდა ძველი ცივილიზაციების საწარმო ცენტრებში დამზადებული პროდუქციის იშვიათი კოლექცია როგორიც არის ოქროს დისკო (ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება. გამოვლენილია 2011 წელს) და კერამიკული საბეჭდავი (ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება. გამოვლენილია 2010 წელს. მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუქში).

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები