ლარის კურსი

საგანელიძე: მნიშვნელობა არ აქვს 5 თუ 15 მარტს იქნებოდა პროგრამა წარმოდგენილი

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

არაფერი მნიშვნელობა არ აქვს 5 მარტს იქნებოდა პროგრამა წარმოდგენილი თუ 15-ში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით საგანელიძემ მთავრობის სამოქმედო გეგმაზე კომენტირებისას განაცხადა.

საგანელიძის თქმით, უმჯობესია დოკუმენტი კარგად დამუშავდეს.

"მე, აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ქვეყანაში გარეშე ფაქტორებისა და გარე შოკების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა სხვა სამოქმედო გეგმაზე გადადის, უფრო სწორედ გარკვეულად ცვლის რაღაც ნიუანსებს. ეს არ არის ისეთი უმნიშვნელო საკითხი, რომ შეიძლებოდეს ამის ნაჩქარევად - 2 დღეში, 3 დღეში ან 5 დღეში გაკეთება. დამერწმუნეთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს 5 მარტს იქნებოდა პროგრამა წარმოდგენილი თუ 15-ში. ასე რომ, საუბარი, არიქა 5 მარტს უნდა წარმოედგინათ, თუ არადა ქვეყანა ინგრევაო, მოდით რა, ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს, თორემ ამის აუცილებლობა არ არის. მირჩევნია დოკუმენტი იყოს უფრო კარგად დამუშავებული და უფრო კარგად გამაგრებული, ვიდრე ნაჩქარევი იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციურ ძალას სჭირდება სასწრაფოდ ასეთ დოკუმენტზე განცხადების გაკეთება", - განაცხადა საგანელიძემ.

საგანელიძემ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა გაიმართოს ქრონიკული დაავადება უწოდა.

"როცა სხვა საქმე არ გაქვს და მხოლოდ პიარისა და დემაგოგიისთვის იბრძვი, რასაც ეს პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა, არ გამიკვირდება, რომ ყოველი კვირის დასაწყისში, ყოველი კვირის ბოლოს ნაცმოძრაობამ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე გააკეთოს განცხადებები. ეს, ალბათ, მათი ქრონიკული დაავადება იქნება", - განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები