თბილისის მერიის ფინანსური შემოწმება

თორდია: მერიამ აუდიტის სამსახურს ფინანსური შემოწმების გადადება სთხოვა

თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს ფინანსური შემოწმების გადადება სთხოვა, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა.

თორდიას თქმით, მერიამ აუდიტის სამსახურს განუცხადა, რომ მერიის მასალების დიდი ნაწილი, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პროკურატურას აქვს წაღებული და მისი შესწავლა მიმდინარეობდა.

"მოგვივიდა პასუხი, რომ პროკურატურის მიერ მთელი რიგი დოკუმენტაცია იყო ამოღებული და მიმდინარეობს შესწავლა, ამიტომ გვთხოვეს, აუდიტის სამსახური არ შესულიყო მერიაში, სანამ საგამოძიებო უწყება შესწავლას არ დაასრულებდა და დოკუმენტაციის სისტემატიზაცია არ მოხდებოდა. ჩვენც ამის გამო შევიკავეთ თავი თბილისის მთავრობაში შესვლისგან, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში მაინც ვაპირებთ, რომ მერიის შემოწმება განვახორციელოთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუდიტი გზების შენახვასთან დაკავშირებით", - განაცხადა თორდიამ.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილის შესწავლას აუდიტის სამსახური მალე დაასრულებს. ლაშა თორდიას ინფორმაციით, აუდიტის სამსახური უწყებაში ამ საქმემდეც მუშაობდა და 2011- 2013 წლების დოკუმენტაციაში 12 დარღვევა აღმოაჩინა, ამათგან ორი იყო 2013 წლის, დანარჩენი ათი კი - 2011-2012 წლების. ეს ანგარიშები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში.

ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე თითქმის ყველა სამინისტროს, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს.

კომენტარები