ენმ ახალ საგამოძიებო დეპარტამენტზე: ხელისუფლებას კრიზისის გადაფარვა სურს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნას ეკონომიკური კრიზისის გადაფარვის მცდელობას უწოდებს. მისი თქმითვე, აღნიშნული დეპარტამენტის შექმნით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სურს, პროკურატურის მეშვეობით ებრძოლოს პოლიტიკურ ოპონენტებს.

"იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელშიც ამ მთავრობამ ჩააგდო ქვეყანა, დღეს პროკურატურა თემის გადაფარვას გვთავაზობს რაღაც გაურკვეველი დეპარტამენტის შექმნით. ხელისუფლება ორწელიწად-ნახევარია, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ებრძოლოს კრიმინალს. ის დაკავებულია მხოლოდ ოპონენტების დევნით. წახალისებულია პირდაპირ დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც ხელისუფლების დავალებით დანაშაულს ჩადიან სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენლები. ამ სიტუაციაში ახალი დეპარტამენტის შექმნა და საერთოდ ამ თემის წამოწევა არის მხოლოდ ყურადღების გადატანა იმ მწვავე გამოწვევიდან, რასაც წარმოადგენს ეკონომიკური კრიზისი და კიდევ ერთი გაჟღერებაა ხელისუფლების ნებისა, რომ მას სურს, ებრძოლოს პოლიტიკურ ოპონენტებს პროკურატურის გზით", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

კომენტარები