NATO-რუსეთი

ფილიპ ბრიდლავი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს არ გამორიცხავს

scmp.com

ევროპაში NATO-ს ძალების სარდალი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს არ გამორიცხავს. როგორც ფილიპ ბრიდლავმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, უკრაინის გარდა, რუსეთი მოლდოვაშიც საკუთარ ძალებს აძლიერებს, აგრძელებს ზეწოლას საქართველოზე და აქაც, მისი მხრიდან „გარკვეული ქმედებები არის მოსალოდნელი“. ბრიდლავმა უკრაინისთვის შესაძლო სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ არ ვაიარაღებთ უკრაინის ლეტალური საშუალებებით და ვხედავთ, რომ რუსეთი აძლიერებს საკუთარ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში და ფაქტია, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ მათი წინსვლა შევაჩეროთ. ამავე დროს ვფიქრობ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, იმ შემთხვევაში, თუ შევაიარაღებთ უკრაინას, ეს მოიტანს დადებით თუ უარყოფით შედეგს. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებთ, უბრალოდ შედეგს არ იძლევა. ვფიქრობ, პუტინის მთავარი მიზანი დასავლეთის გაყოფაა, როგორც ეკონომიკური, ასე სამხედრო თვალსაზრისით. იგი ცდილობს NATO-ს ერთიანობაში ბზარები შეიტანოს. თუ მან ამაში წარმატებას მიაღწია, ის უკრაინას მიიღებს", - აღნიშნა ევროპაში NATO-ს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით კი, თუ მინსკის შეთანხმება დაირღვა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება არ არის გამორიცხული.

"აშკარაა, ის, რაც მოხდა დებალცევოში, ბრძოლის გაგრძელებაა და დარღვევას წარმოადგენს. მინსკის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. ახლა უნდა შევაფასოთ, ექნება თუ არა ადგილი დაძაბულობის შემცირებას. თუ მარიუპოლთან ან სხვა ადგილას სიტუაცია გართულდება, ამას გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხი მოჰყვება", - თქვა კერიმ.

უკრაინაში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. სროლა შუაღამემდე დონეცკის მახლობლად ისმოდა. უკრაინელ მებრძოლებს შორის არავინ დაღუპულა. სეპარატისტების განცხადებით, მათ გამყოფი ხაზიდან ტექნიკის გაყვანა დაასრულეს. თუმცა, კიევი ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები