უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე პარლამენტი პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ზაქარია ქუცნაშვილის დანიშვნა კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქართულ მართლმსაჯულებას.
„პოლიტიკური დევნითა და შერჩევითი სამართლით ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქართულ მართლმსაჯულებას და ეს უამრავ საერთაშორისო დოკუმენტში დაფიქსირებულია.
დღესაც ივანიშვილი და ქართული ოცნება თეა წულუკიანის პირით გვიცხადებს, რომ პრაქტიკულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის თანაშემწე უნდა იყოს იმ საზიანი და არარეალისტური რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ქალბატონი წულუკიანი გეგმავს.
რასაც პარლამენტი მიიღებს, ეს აუცილებლად იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, პარლამენტი კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცებს პირს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა 11-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ წარადგინა. ქუცნაშვილის თქმით, აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობასთან არ შეუთანხმებია, თუმცა პრემიერს და პრეზიდენტს ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ.
"უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია. ეს სერიოზული გამოწვევაა. პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფა მართებული არ იქნება... მართლმსაჯულების სფეროს მთელ რიგ საკითხებში რეფორმებია გასატარებელი, მე ვაპირებ ეს ხედვები გავაცნო ყველა იმ ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარმადგინეს. მათთან ერთად შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან მედიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელები", - განაცხადა დეპუტატმა.





