საუბარი რელიგიაზე

ბოკერია: ზოგიერთის მახსოვრობა სილკნეტს ჰგავს, 6 დღეზე მეტს უკან ვერ ახვევს

გიგა ბოკერია
საუბარი რელიგიაზე

ტაბულას გადაცემაში, „საუბარი რელიგიაზე" სტუმრობისას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უმცირესობათა მიმართ ძალადობის რაოდენობის ზრდის მიზეზებზე ისაუბრა. ბოკერია მიიჩნევს, რომ ძალადობრივი ფონის დამძიმების მიზეზი დაუსჯელობა და ის რიტორიკაა, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმოდა და ისმის. ბოკერიამ ოპონენტების "ცივილიზებულ" ნაწილსაც უპასუხა ბრალდებაზე, რომ უმცირესობებზე ძალადობის ზრდა წინა ხელისუფლების „მარწუხებისგან" გათავისუფლების ბუნებრივი შედეგი იყო.

"რითი აიხსნება პრობლემა? პირველი, რაც ყველაზე უფრო მკაფიოა და ზედაპირზე დევს, ეს არის დაუსჯელობა. ასეთი მოძალადე ჯგუფები და მათ შორის, ამ ტიპის სიძულვილის მქადაგებლები, განსაკუთრებით რელიგიური უმცირესობების მიმართ არსებობენ ჩვენზე ბევრად უფრო ღრმა თავისუფლების ტრადიციის მქონე საზოგადოებებშიც და ეს არ არის უნიკალური თავისთვად. უბრალოდ, ამ საზოგადოებებში პირველი საკითხი, რაც არის, არის ის, რომ ამ ტიპის ძალადობას მოჰყვება გარდაუვალი ან დიდი ალბათობით გარდაუვალი სასჯელი. ეს არის ელემენტარული საკითხი, რომელიც არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი. ამოცანა ის კი არ არის, რომ ვიღაც ციხეში იჯდეს, ამოცანა ის არის, რომ ადამიანმა იცოდეს, როცა რამეს ჩაიდენს ჩაჯდება ციხეში და მერე ნაკლებად ჩადის და ნაკლები ადამიანი ჩადის ასეთ რაღაცას, ნაკლებად მიმზიდველი შეიძლება იყოს, უფრო სარისკო უნდა იყოს. ეს არის ელემენტარული და ყველაზე ზედაპირული საკითხი.

მე ვიცი ჩვენი ოპონენტების, ყველანაირი ოპონენტების, მათ შორის ცივიზებული ოპონენების ნაწილი რასაც იტყვის, აი ისევ დასჯაზე ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ ეს არის პირველი, რაც უნდა იცოდეს ამ ხალხმა. ამ ყველაფერს ჰქონდა სხვა მიზეზებიც.

პირველი, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოიგო დემოკრატიული არჩევნები, იყო ის ძალა, რომელიც ამ თემით სპეკულირებდა მთელი კამპანიის განმავლობაში. მათ შორის იყვნენ ამ კოალიციაში, ამ მდიდარი, ბრძენი ადამინის მიერ შექმნილ კოალიციაში, იყვნენ ძალები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სიძულვილის საწვავს იყენებდნენ.

ამიტომ ბუნებრივია, როცა ამ თემებით მოდიხარ, არა მარტო, მაგრამ მათ შორის ამ თემებითაც მოდიხარ ხელისუფლებაში, ავტომატურად, ის ხალხი ვინც ასეთი განწყობის არის და მათ შორის ისეთებიც, ვინც ძალადობისკენ არის მიდრეკილი, (მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ განწყობის ყველა ადამიანი არ ჩადის ძალადობას ბუნებრივია, მაგრამ მათი ნაწილი) აქტიურდება, უფრო გათამამებულია ავტომატურად" - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, უმცირესობათა მიმართ ძალადობის რელობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც რელიგიური ექსტრემისტები პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს ერთი საკითხი ისედაც არსებობდა, მაგრამ უფრო მძიმე რეალობა დადგა ძალიან სწრაფად, როცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ის ვინც პატიმრობას იხდიდა საჯაროდ ჩადენილი ძალადობისთვის, გმირებად გამოაცხადეს.

"ესეც ძალიან ძლიერი სიგნალი იყო და მერე გაირკვა, რომ ასეთი ხალხის ნაწილი გახდა ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი და განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, ადამიანები, ვინც იყვნენ ასე ვთქვათ ასეთი განწყობილებების სათავეში და ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით, არიან ან ბიუროკრატიის ახალი ნაწილი, ან პოლიტიკური სტრუქტუებში ან მათთან ძალიან ახლოს - ხაზს ვუსვამ, ყველაზე არ მაქვს ბუნებრივია საუბარი, მაგრამ ეს ერთი ხალხია" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ძალადობას ახალი ხელისუფლება ცინიკური და სასაცილო 50 ლარიანი ჯარიმებით სჯიდა.

ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია ისეთი განცხადებები, რასაც წინა ხელისუფალების ზოგიერთი ცივილიზებული ოპონენტის აღფრთოვანება გამოიწვია. მაგალითად, ლგბტ ჯგუფთან დაკავშირებით. ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილის მხრიდან პირველ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება ლგბტ ჯგუფთან დაკავშირებით "ადეკვატურად ცივილიზებული" იყო. ბოკერიას თქმით ერთი მხრივ სწორი გზავნილი ადამიანის უფლებების მიმართულებით და მეორე მხრივ ასავალ-დასავალის მიმართ გამოხატული სიყვარული პრობლემურია, რადგან უფრო ნამდვილად არა პირველი, არამედ მეორე გამოხურება.

"ერთი ცნობილი ხუმრობა, რაც არის, ცნობილ პიროვნებაზე არაფატზე, ძალადობას გმობდა ინგლისურად და არაბულად არ გმობდა, აქ ასე გამოიყურება, რომ ეს ყველაფერი არის რაღაც სათქმელად, აი რაღაც ჯგუფებისთვის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, მაგრამ გული და სული იმ ხალხის, ამ ხელისუფლებაში ვინც არის უმრავლესობა, ივანიშვილის ქვემოთ მინიმუმ, ამ მეორე ნაწილი,ს ასავალ-დასავალის სიყვარულში, ჩვენ ვხედავთ ძალიან თანმიმდევრულ მიდგომას" - თქვა ბოკერიამ.

ბოკერიამ "შეკოწიწებული არგუმენტები" უწოდა განცხადებებს, რომელსაც მისი თქმით ცივილიზებული ოპონენეტები იშველიებენ, თითქოს თავისუფლება იყო დათრგუნული, შემდეგ თავისუფლება მოვიდა და ერთიანად ამოხეთქა.

"ჩემ ერთ მეგობარს ქონდა ხუმრობა, რომ ჩვენი საზოგადოების, მათ შორის აქტიური კომენტატორების მახსოვრობა ზოგჯერ სილკნეტს კავკასუსს ჰგავს, 6 დღე რომ არის უკან და მეტს ვერ გადაახვევ. ისე ხომ არ უნდა იყოს, რომ არ გვახსოვს აქ რა ხდებოდა. ეს ბრჭყალებში თავისუფლება რასაც ეძახიან არსებობდა იმ მომენტიდან, რაც საერთოდ უმცირესობის თემა გახდა აქტუალური, როცა შევიძინეთ თავისუფლება და მართლაც პირველი რეაქცია იყო ძალადობრივი, საზოგადოების ნაწილის მხრიდან და შემდეგ, როცა წინის წინა ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ხდებოდა ამის კულტივაცია, განსაკუთრებით ბოლო წლებში და ეს "თავისუფლება" არსებობდა იმ ცხრა წლის განმავლობაშიც.

ეს ხალხი რომლთა მიმართაც ლეგიტიმურად იყო გამოყენებული სამართლებრივი ნაბიჯები, მაშინაც ძალადობდნენ, თავისუფლება, რასაც ისინი ეძახიან და ეს განწყობილებები, ამ თემატიკით დემონსტრაციები, გამოსვლები, ეს რიტორიკა ტელევიზიით, მთავარ არხებზე, სულ არსებობდა. ეს "თავისუფლება", რომ მათ ელაპარაკათ. არსებობდა ის "თავისუფლება", რომ ცდილობდნენ ეძალადათ. უბრალოდ, ამ ძალადობას მოჰყვებოდა, ხშირად, შესაძლოა არა ყოვეთვის სამწუხაროდ, თუმცა ხშირად, შესაბამისი შედეგები" - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ის რასაც ეს ხალხი თავისუფლებას ეძახის არის ძალადობა, რადგან თავისუფლება რომელიც ფიზიკურად ეხება სხვის თავისუფლებას ძალადობაა.

კომენტარები