საჯარო ფინანსები

ენმ: ბიუჯეტის შესასრულებლად 2014 წლის ბოლო ორ დღეს 300 მილიონი ლარი დაიხარჯა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მონაცემებით, 2014 წლის ბიუჯეტის შესასრულებლად მთავრობამ 30-31 დეკემბრის მონაკვეთში 300 მილიონი ლარი დახარჯა, რასაც ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობამ ორ დღეში დახარჯა 300 მილიონი, მაშინ როდესაც თვის მანძილზე საშუალოდ იხარჯებოდა არაუმეტეს 600-700 მილიონი. 

2014 წლის ბიუჯეტს ოპოზიცია მხოლოდ ქაღალდზე შესრულებულს უწოდებს, რადგანაც საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა გრანტების სახით ასათვისებელი თანხები მთავრობას 31 დეკემბერს გადმოურიცხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პროექტები, რაც ამ თანხით 2014 წელს უნდა შესრულებულიყო, 2015 წლისთვის გადაიდო. ჯაფარიძემ გაზრდილი ხარჯვის თანმდევ კორუფციის რისკზეც გაამახვილა ყურადღება, მისი შეფასებით, მთავრობამ ბიუჯეტის ასათვისებლად ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად დაქირავებულ კომპანიებს ავანსის სახით მნიშვნელოვანი ფინანსები ჩაურიცხა, რაც მაღალჩინოსნების მიმართ გარკვეულ კორუფციულ ეჭვებს აჩენს. 

ეკონომისტ ვატო ლეჟავას შეფასებით, მთავრობას ორი რადიკალურად განსხვავებული ნახევარწლეული ჰქონდა, ლეჟავას თქმით, წლის პირველ ნახევარში მთავრობა ძალიან კონსერვატიულ პოლიტიკას აწარმოებდა და ხარჯვას ერიდებოდა, ხოლო წლის მეორე ნახევარში ხარჯვა გაზარდა, რითიც ლარის კურსის გაუფასურებას შეუწყო ხელი. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 0,2%-ის გადაჭარბებით შესრულდა და 9 მილიარდ 120 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს ბიუჯეტში გადასახადების სახით სულ 6 მილიარდ 847 მილიონი შევიდა, რაც გეგმით გათვალიწინებულს 0,4%-ით აღემატება. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, არ არსებობს ტერმინი ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულება. კაკაურიძის შეფასებით, ახალი ხელისუფლების პირობებში პირველად მოხდა, როდესაც ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 100%-ით შესრულდა, ხოლო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება 98%-ია, რაც მინისტრის მოადგილის თქმით, 2010 წლის შემდეგ ერთ-ერთი კარგი მაჩვენებლია. 

კომენტარები