დავით ნარმანიას საახალწლო მილოცვა

ნარმანია: დამდეგ წელს თბილისში ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება გაიზრდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისელებს ახალი წელი მიულოცა და 2015 წელს თბილისში დაგეგმილ განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა.

"დამდეგ წელს თბილისში არსებითად გაიზრდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამათა დაფინანსება. ამას ყველა  თბილისელი  იგრძნობს. პირველ რიგში, რასაკვირველია, სოციალურად დაუცველი ოჯახები და მძიმედ ავადმყოფები. დაიწყება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა; განხორციელდება ლეიკემიითა და  სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული 25 წლამდე ასაკის პაციენტების ოპერაციული მკურნალობის პროგრამა; დაიწყება სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა; განხორციელდება სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა; დაიწყება სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების პროგრამა; დაიწყება პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება; დაიწყება მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა; გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება; 5 მილიონი ლარით გაიზრდება თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი პირების დაფინანსება" - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, 2015 წელს თბილისში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება, ხოლო ბაღების დიდ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცეიელებაც. 

ნარმანიას თქმით, პუშკინის ქუჩაზე აღდგება ორმხრივი მოძრაობა, მოხდება ბარათაშვილის, ზაჰესისა და სხვა ხიდების რეაბილიტაცია. ასევე დაიწყება 240  ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა. გამოიყო თანხა მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობისთვის.

"მომავალ წელს გავაგრძლებთ დედაქალაქის გამწვანების ღონისძიებებს და აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებაც, ისევე, როგორც მრავალი სხვა, სრულიად რეალურია. 2015 წელს დაიწყება დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი. აგრეთვე, მასობრივი გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება რამდენიმე სპეციალურად შერჩეულ ადგილზე" - განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები