ე.წ გასაღების კანონპროექტი

ჯაფარიძე: ამ კანონპროექტით შსს ისე მოუსმენს ხალხს, რომ ვერავინ გაიგებს

ამ კანონპროექტით შსს შეუძლია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით მოუსმინოს ხალხს - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურა ჯაფარიძემ ფარული მოსმენების ე.წ გასაღების თემაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ჯაფარიძემ ისაუბრა იმ სისტემაზე, რომლიც სატელეკომუნიკაციო ოპერატორთან დგას და მასთან მიერთების სხვადასხვა ტიპის პროტოკოლები არსებობს(H1,H2,H3). ჯაფარიძის თქმით სწორედ H1 პროტოკოლს ეწოდება ე.წ. გასაღები, რომელიც ვინც მიერთებულია მენეჯერის ფუნქციებს აძლევს.

ჯაფარიძის განცხადებით ამ კანონპროექტით თუ შს სამინისტროს მენეჯერის ფუნქცია ექნება, მას შეუძლია თავისთვის გააკეთოს ცალკე სისტემა. მოუსმინოს ხალხს ისე, რომ ეს არ აღირიცხება არსად და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ამაზე ინფორმაციას ვერ მიიღებს.

„ახლანდელი კანონით წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კარადა. კარად აღებს და კეტავს შს სამინისტრო, კარებთან კი პერსონალური დაცვის მონაცემი დგას, რომელიც ხედავს შსს-მ რამდენჯერ გააღო და დახურა კარები და ვისი ვისი ნომერი მოისმინა მან. რასაც ეს კანონი არ გეუბნებათ არის ის რომ შს სამინისტროს შეუძლია ასეთი კარებები გაჭრას გვერდზე, უკან და ა.შ. ისე რომ პერსონალური მონაცემის დაცვის ინსპექტორი ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს, ის იმ კარებებთან არ იდგება. ეს არის მთავარი ხარვეზი“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით შსს როდესაც ამ კანონის გატანას ითხოვს, იმიტომ კი არ აკეთებს, რომ აინტერესებს H2 პროტოკოლი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან იქნება, სასამართლოში თუ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში - მას უნდა არ დათმოს მთავარი ადმინისტრატორის ფუნქცია მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემისა( LIAMS).

“თუ ის დათმობს ამის ადმინისტრირების უფლებას, მას აღარ ექნება საშუალება გაჭრას ახალი კარებები და მისცეს H1 პროტოკოლი ვიღაცა სხვას, მაგალითად შიგნით რომელიმე თავის განყოფილებას რომელიც ისე განახორციელებს ფარულ მიყურადებას რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ამას ვერასოდეს გაიგებს. ეს სისტემა და ადმინისტრატორის უფლება არ უნდა დარჩეს შს სამინისტროს. თუ ეს სისტემა მათ არ დარჩებათ მაშინ არის ალბათობა იმისა, რომ ფარული მიყურადება ამ ქვეყანაში არ განხორციელდება” – განაცხადა ჯაფარიძემ. 

კომენტარები