პატიმრებზე ძალადობა

კახიშვილი: პატიმრების შესაძლო ცემის საქმე პროკურატურას გავუგზავნეთ

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახი კახიშვილის განცხადებით, უწყებამ გლდანის ციხეში პატიმრების სავარაუდო დაბმის და ცემის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურას გადაუგზავნა.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაძლევდა საშუალებას, ეს საქმე გამოგვეძიებინა ამ სამინისტროში, გავითვალისწინეთ, რომ თუ საქმეს დავტოვებდით შიდა უწყებაში, საზოგადოებაში დარჩებოდა კითხვები. ამიტომ, ეს საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით, გადავაგზავნეთ საქართველოს პროკურატურაში. პროკურატურას აქვს ეს საქმე. აწარმოებს გამოძიებას და დაველოდებით გამოძიების შედეგებს", - განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში გენერალური ინსპექცია აგრძელებს სამსახურებრივ შემოწმებას.

"სამინისტროს ხელმძღვანელობის პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა. მინისტრი პირადად აკონტროლებს ამ საკითხის შესწავლას", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა გლდანის ციხეში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს. უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურორს თბილისის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულის შესწავლის წინადადებით მიმართა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექცია სრულად გამოიკვლევს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას გლდანის ციხეში პატიმრების შესაძლო ცემის შესახებ. ამასთან, სამინისტროს განმარტებით, საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას ომბუდსმენის მიერ დასახელებული მსჯავრდებულების მიმართ - აკრძალული ნივთით სარგებლობის ფაქტზე. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს ერთ-ერთ საკანში განთავსებულ ექვს მსჯავრდებულს დაუფიქსირდა ალკოჰოლური თრობის ნიშნები, რის შემდეგაც, ისინი გადაიყვანეს გონივრული განთავსების განყოფილებაში. უწყების მტკიცებით, ორი მათგანი (მ.ფ და მ.უ.) "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, იმუქრებოდნენ, რომ მიიყენებდნენ თვითდაზიანებებს, რაც ერთ-ერთმა (მ.უ-მ) გააკეთა კიდეც".

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება ორჯერ გაავრცელა. პირველ პრესრელიზში ეწერა როგორც გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების დაწყების, ისე გამოძიების შედეგების შესახებ, რომელიც ეხება მსჯავრდებულების თრობას, გონივრული განთავსების განყოფილებაში მოთავსებას, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებისადმი მუქარას, თვითდაზიანებებს და მსჯავრდებულებისთვის ხელბორკილის დადებას. მეორე ვარიანტში, სასჯელაღსრულების სამინისტრო აღარ საუბრობს იმ დეტალებზე, რაც ომბუდსმენის მიერ დასახელებულ მსჯავრდებულებს ეხება და მხოლოდ მზადყოფნას გამოთქვამს სრულყოფილი გამოძიებისთვის. ასევე, ომბუდსმენის აპარატს საყვედურობს, რომ ინფორმაცია დაგვიანებით გაავრცელა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ ტაბულას პირველად გავრცელებული ინფორმაციის ვებგვერდიდან აღება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეს გამოძიების მასალებია. თუმცა, ტაბულამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია საჯაროდ დატოვა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პირვანდელი განცხადებით, "იმის გამო, რომ მსჯავრდებული აღელვებული იყო და არსებობდა თვითდაზიანების განმეორებით მიყენების რისკი, დაწესებულების თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება სპეციალური საშუალების, კერძოდ, ხელბორკილის გამოყენების შესახებ როგორც მ.უ-ს, ისე მ.ფ-ს მიმართ, რომელიც ასევე აგრესიულად იქცეოდა. გადაწყვეტილება დადასტურებულია ოქმით. ამას გარდა, არსებობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, საკანში განთავსებული მსჯავრდებულების სისხლში დაფიქსირებულია ალკოჰოლი".

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო ორივე განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასურველი იქნებოდა, სახალხო დამცველის აპარატს დროულად შეეტყობინებინა სამინისტროსთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ, "რადგან, ინფორმაციის რამდენიმე დღის დაგვიანებით გავრცელებამ შეამცირა შესაძლებლობა, დროულად დანიშნულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დადგენილიყო დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმი და ხარისხი". უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექციის დასკვნით გამოიკვეთება სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება. 

კომენტარები