შესყიდვები სამინისტროებში

თორდია: უფრო მეტი პრობლემა დიდი საბიუჯეტო სახსრების მქონე უწყებებში იკვეთება

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცნობით, აუდიტის სამსახური, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებშიც მუშაობს. მისი თქმით, უფრო მეტი პრობლემა იკვეთება იმ უწყებებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია. ამის შესახებ მან გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"უფრო მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია. ეს არის: ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და შს სამინისტრო. ზოგადად, ამ უწყებებში შემოწმების მასშტაბიც ძალიან დიდია, ვინაიდან მეტია შესყიდვები და ფინანსური ტრანზაქციები. ეს უწყებები ბუნებრივად მაღალი რისკის მატარებლები არიან და ცხადია, ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენენ. დარღვევები ფიქსირდება სხვა შედარებით ნაკლებბიუჯეტიან უწყებებშიც. მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჩვენ მიერ გამოვლენილ ფაქტებში იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, საუბარია სპორტული მოედნების მოწყობაზე; სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება უზუსტობები (როგორც ძველ, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში), რაზეც ალბათ პროკურატურას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს და გვექნება კონკრეტულ თანხებზე ინფორმაცია. დარღვევები ჩანს განათლების სამინისტროშიც. მაგალითად, მერხების შესყიდვისას (შაშკინის მინისტრობის პერიოდი). პროკურატურაში გადავგზავნეთ რამდენიმე თვითმმართველობის მიერ სავარაუდო კანონდარღვევის შეცველი მასალებიც", - თქვა თორდიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები უკვე გადაუგზავნა. მათი ინფორმაციით, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის ხელთ არსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირას მიმართა.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, შემოწმების შედეგად ამოღებული დოკუმენტაცია რიგ შესყიდვასთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.

კომენტარები