კახა ბენდუქიძე

სააკაშვილი: ბენდუქიძე პოლიტიკურ დევნილად აქციეს

„ბოლო თვეებში კახა ბენდუქიძე ძალიან ნერვიულობდა იმაზე, რომ ის პრაქტიკულად პოლიტიკურ დევნილად აქციეს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ბენდუქიძემ განიცადა ის ფაქტი, რომ ახალმა ხელსუფლებამ უარი თქვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტზე, რომლისთვისაც დაფინანსების მოპოვებაზე ბენდუქიძემ იმუშავა და საკუთარი ინვესტიციაც ჩადო.

შემდეგ, სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ აგრარულ უნივერსიტეტის დახურვა სცადა, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„როცა ის მიხვდა, რომ დააპატიმრებდნენ, ან, დასაწყისში, როგორც მინიმუმ, პასპორტს ჩამოართმევდნენ და ვეღარ იმოგზაურებდა, რადგან ბევრი საქმე ჰქონდა საზღვარგარეთ, ევროკავშირის პასპორტი უნდა აეღო. მალტაში წავიდა, რადგან იცოდა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდნენ," - განაცხადა სააკაშვილმა. შემდეგ, მისი თქმით, ბენდუქიძეს მალტაში „საქმე გაუჭიანურდა" და ამის გამო ინგლისში ჩავიდა.

„ვთავაზობდით, ამერიკაში ჩამოსულიყო, მაგრამ საქართველოსთან ახლოს ყოფნა უნდოდა,"- ამბობს სააკაშვილი.

„ის იძახდა, რომ ეს ყველაფერი არის დროებთი, ყველაფერს აკეთებდა, რომ უნივერსიტეტები გადარჩენილიყო. თითქმის ყოველდღე იბარებდნენ მის თანამშრომლებს, უახლოეს ხალხს დაკითხვებზე, აძალებდნენ ჩვენებების მიცემას კახაზე, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ამ სიტუაციაზე მალე შევცვლიდით", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, „როგორც ივანე ჯავახიშვილს არ აპატიეს და თავისი შექმნილი უნივერსიტეტიდან დააგორეს კიბეზე მაშინდელმა ნაძირლებმა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს სიცოცხლის ბილო წლები გაუმწარეს, ზუსტად ისე მოექცნენ კახა ბენდუქიძეს".

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბენდუქიძეზე როგორც წარმატებულ რეფორმატორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში და სხვა ქვეყნებშიც საუბრობენ.

„კახამ შექმნა არა მხოლოდ უნივერსიტეტები, არანედ ეკონომიკური რეფორმის წარმატებული მოდელი, რომელსაც ახლა სწავლობენ მთელ მსოფლიოში", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პატრიოტიზმის მაგალითი მისთვის სწორედ ბენდუქიძეა, რადგან მან ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთა და ახლა სწორედ ამისთვის დევნიან.

„ახლა მე გავაგრძელებ საქმიანობას კახას ნაცვლად, კახას სახელით და ამ ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის. არც მათ შერჩებათ, ვინც კახას დევნიდნენ და სიცოცხლე გაუმწარეს, რადგან მართლა არსებობს ღმერთი და სამართლიანობა," -განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები