ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატები საქმის მასალების ასლებს კვლავ ითხოვენ

"კვირას" პრესკლუბი

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს 5 დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი ამ დრომდე საქმის მასალების ასლებს ითხოვს. სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურის სურვილია, ადვოკატებმა იმიტაციურად დაიცვან და თუ მათ საქმის მასალების ასლები არ მიიღეს, 11 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოითხოვენ, ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას გააჩნია, სასამართლომ დაუშვებლად ცნოს.

ბარათაშვილის თქმით, ადვოკატებმა პროკურატურისგან წერილიც მიიღეს, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ დასაბუთებებს შეიცავს.

"დარღვეულია დაცვის მხარის ფუნდამენტური უფლება, განახორციელოს დაცვა. ს.ს. საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ბრალდების მხარე ვალდებულია, ბრალდების წარდგენისთანავე დაცვას არსებული ყველა მტკიცებულების ასლი მიაწოდოს. ჩვენს შემთხვევაში საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. ამ დროს, კანონმდებლობით შესაძლებელია, მოხდეს დაცვის მხარის გაფრთხილება, რომ არ გაახმაურონ საიდუმლო ინფორმაცია. სხვა შეზღუდვა ან აკრძალვა კანონმდებლობაში არ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს, მითითებულია გრიფის მოხსნის წესი და ასევე ვინ შეიძლება, დაშვებულ იქნეს ასეთ დოკუმენტზე. ამ კანონის ნორმები ფიზიკურ პირზე ან ადვოკატზე არ ვრცელდება. საუბარია იურიდიულ პირებზე, ანუ ეს კანონი ადვოკატს საერთოდ არ ეხება", - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

რაც შეეხება წერილის შინაარს, რომელიც ადვოკატებმა პროკურატურისგან მიიღეს, როგორც ბარათაშვილი აღნიშნავს, პროკურატურა უარს ამბობს, ადვოკატებს საქმის მასალების ასლები გადასცეს: "წერილში, რომელიც პროკურორისგან მივიღეთ, მითითებულია, რომ უარს ამბობენ მტკიცებულებათა ასლები მოგვაწოდონ. შემდეგ აბზაცში კი გვეუბნებიან, რომ ჩვენს ორგანიზაციას, რომელიც არ გვაქვს, შეუძლია, მიმართოს კონტრდაზვერვას, გაიაროს სათანადო შემოწმება და ამის მერე გადაწყვეტს კონტრდაზვერვა, დაგვიშვან თუ არა საიდუმლო მასალებზე. ამ ნაწილს წერილის პირველი აბზაცი უკავია. შემდეგ აბზაცში კი პროკურორი გვწერს, რომ შეგვიძლია, მივიდეთ პროკურატურაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გავეცნოთ მასალებს, მაგრამ არ გვაძლევენ ასლებს. თუ პროკურატურა გვეუბნება, რომ მასალების გაცნობა შეგვიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი ამ საქმესთან კავშირში არ არის. მათ სურთ, რომ განვახორციელოთ არა რეალური, არამედ ფორმალური დაცვა, დაცვის იმიტაცია, თითქოს საქმის მასალებს ვეცნობით. ვერავინ დამარწმუნებს, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადვოკატი, მას ტომების დაზეპირება შეუძლია. მრავალი ტომი უნდა დავიზეპიროთ და თურმე ამ ზეპირი ინფორმაციით უნდა განვახორციელოთ დაცვა, რაც შეუძლებელია".

ბარათაშვილის თქმით, თუ კიდევ ასე გაგრძელდა, გამოსავალი მხოლოდ ერთია - სასამართლომ მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ცნოს: "ამის შემდეგ უნდა მოხდეს ერთი რამ, ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას გააჩნია, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ცნონ. ვაფრთხილებთ პროკურატურას, რომ ისინი ამ საშიშროების წინაშე დგანან. თუ სასამართლო კანონს დაიცავს, ეს უნდა გაითვალისწინოს, თუ არ დაიცავს, ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასასმართლპოს მივმართავთ".

კომენტარები