პატრიარქის საკვირაო ქადაგება

ილია II: აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, გონებას აჩლუნგებს

fmabkhazia.com

"აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელი საკვირაო ქადაგებისას თქვა.

"ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, ადამიანი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მუდმივად განვითარდეს მისი გონება, მისი გული, მისი სხეული. ცოდნა უნდა განავითაროს და ეს განვითარება, ეს მიღწევები სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს". მაგრამ ადამიანი ვერასდროს მიაღწევს იმ სრულყოფილებას. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანის განვითარება დაუსრულებელია. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თვითონ უნდა იფიქროს, რა მიიყვანს განვითარებამდე. შეიძლება, რომ აღვირახსნილობამ განავითაროს ადამიანი?! აღვირახსნილობა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას დღეს, თრგუნავს გონებას, ჩლუნგდება ადამიანის გონება, იღლება, დაიღალა ადამიანი ამ უწესობისგან, ცოდვისგან, მაგრამ ამისთვის ღმერთმა მოგვცა ჩვენ სინანული და აღსარება. აღსარებაზე უნდა მივიდეს ადამიანი და თავისი ცოდვები მოინანიოს", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, არის კიდევ ერთი საშუალება - ეს არის წიგნიერება და წიგნის კითხვა. ილია მეორემ მრევლს წიგნების კითხვისკენ მოუწოდა. მან მრევლს ლოცვა-კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი, სადაც მთავარ აზრებს ჩაიწერენ. 

კომენტარები