საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ზალკალიანი: კანონპროექტით უფრო გაღრმავდება აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხზე კანონპროექტის მიღება სტრატეგიულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც ზალკალიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, დოკუმენტის ძალაში შესვლამდე მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი.

"ეს არის აშშ-ის მიერ ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამოხატულება. იმისთვის, რომ რეზოლუციამ საბოლოო სახე მიიღოს, კიდევ საკმაო პროცედურაა გასატარებელი, მათ შორის, დოკუმენტი უნდა შევიდეს წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ დაბრუნდეს ისევ სენატში, გადაეგზავნოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მასზე ხელმოწერის შემთხვევაში გახდება მისი შესრულება სავალდებულო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დროულად შესრულდება. ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა", - განაცხადა ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას მოკავშირეობის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიანიჭებს. ამის შესახებ, პოროშენკომ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ თქვა. პოროშენკოს განმარტებით, უკრაინასთან ამერიკის თანამშრომლობის უკვე მოქმედი სტატუსი, სტრატეგიული პარტნიორობა, მოკავშირეობაზე უფრო მაღლა დგას.

ტაბულამ დავით ზალკალიანს ჰკითხა, მაშინ, როდესაც ობამამ უკრაინას უარი უთხრა განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე, რა აძლევს საქართველოს იმის იმედს, რომ სენატი კანონპროექტს მიიღებს.

"ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისეთ ფორმატში, როგორიცაა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, სადაც უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხები თანხმდება. ჩვენ რეგულარული კონტაქტები გვაქვს. გარდა ამისა, უელსის სამიტის გადაწყვეტილებები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ის არსებითი პაკეტი, რომელიც მიღებული იქნა, ჩვენ გვაძლევს კიდევ დამატებით შესაძლებლობას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გავაგრძელოთ" - თქვა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი ქვეყნები აშშ-ის NAთO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ. ამის შესახებ საუბარია უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ აქტში, რომლის საბოლოოდ მიღების შემდეგ, აშშ-ს საშუალება ექნება, რუსულ სამხედრო და ენერგოკომპანიებს სანქციები დააკისროს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს. კანონპროექტი ასევე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

საბოლოოდ დამტკიცებამდე კანონპროექტმა წარმომადგენლობითი პალატა უნდა გაიაროს და სენატში დაბრუნდეს, შემდეგ კი, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნოს.

კომენტარები