უელსის სამიტი

პოროშენკო: ალიანსის წევრი ქვეყნები სხვადასხვა სახის იარაღით დაგვეხმარებიან

www.telegraph.co.uk

უკრაინას რეფორმები ესაჭიროება, შემდეგ კი NATO-ს გადასაწყვეტია, გავხდებით თუ არა მისი წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უელსის სამიტზე ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას. მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი სასტიკად არღვევს ქვეყნის სტაბილურობას.

პოროშენკომ განაცხადა, რომ ის მადლობელია ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის.

”უკრაინას არასოდეს უგრძვნია ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორც დღეს”, - აღნიშნა მან.

პოროშენკოს თქმით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანებამდე გზა აქვს გასავლელი.

”ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩვენ დაგვეხმარება, საჭირო რეფორმები დავაჩქაროთ. საჭიროა ეკონომიკის გაძლიერება, კორუფციის აღმოფხვრა. როცა NATO-ს კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებთ, შემდეგ უკვე ალიანსზეა დამოკიდებული, როდის მიგვიღებს”, - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ. მისი თქმით, საუბარია როგორც ლეტალურ იარაღზე, ასევე სხვა სახის ტექნიკურ დახმარებაზე.

პოროშენკოს თქმით, ამ ომით ყველაზე მეტად უკრაინა ზარალდება.

”უკრაინას არ უნდა ეს ომი. უკრაინას დაესხნენ თავს. უკრაინა იხდის უდიდეს საფასურს ყოველდღე, როდესაც მისი მოქალაქეები იღუპებიან. მე, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ შევაჩერო ეს ომი”, - განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები