ალიევი: აზერბაიჯანის დროშა ოკუპირებული ტერიტორიების თავზე იფრიალებს

twitter.com/presidentaz

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ტვიტერზე სომხეთთან ომით დაიმუქრა, მას შემდეგ, რაც ყარაბაღში დაპირისპირებისას ათობით ადამიანი დაიღუპა.

ტვიტერზე ილჰამ ალიევი წერდა, რომ შეტაკებებს რამდენიმე აზერბაიჯანელი შეეწირა. მან პირობა დადო, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ტვიტერზე წერდა:

"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ოკუპირებულ და დანგრეულ ქალაქებს. დავიბრუნებთ ამ მიწას, ჩვენ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ ამ იდეით".

"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი ან სამხედრო გზით. ორივე არჩევანისთვის მზად ვართ".

"შეტაკებების შედეგად, რომელიც სომხეთის დამპყრობელმა ძალებმა განახორციელეს, ჩვენმა არმიამ დანაკარგი განიცადა. რამდენიმე სამხედრო მოწამე გახდა".

"სომეხმა ბარბაროსებმა და ვანდალებმა დაანგრიეს ქალაქი აგდამი. ნანგრევების დანახვა აქედანაც კი თავისუფლად შეიძლება".

"ჩვენ გვაქვს ძლიერი სამხედრო პოტენციალი. მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი ძალა სამხედროების პატრიოტიზმსა და სიმამაცეშია".

სომხეთის "მტრად" და „დამპყრობლებად" მოხსენიების შემდეგ, ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი იმედგაცრუებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნაკლები მოქმედების გამო, რომ არეულობის დასრულებისთვის ხელი შეეწყოთ.

"ჩვენ აღვადგენთ სუვერენიტეტს. აზერბაიჯანის დროშა ოკუპირებული ტერიტორიების თავზე იფრიალებს, შუშასა და ხანკანდის (ქალაქები ყარაბაღში) ჩათვლით", - დაწერა ტვიტერზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამერიკამ და რუსეთმა, რომლებიც არიან, მინსკის საერთაშორისო მედიატორების ჯგუფის თანათავმჯდომარეები, გამოხატეს შეშფოთება ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის გამო და მოუწოდეს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის პატივი ეცათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა შეხვდებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოჭში ამ კვირის ბოლოს, თუმცა, ჩატარდება თუ არა ეს შეხვედრა, ჯერ გაურკვეველია.

მიუხედავად მომხდარი ძალადობისა, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მას სჯერა, არარსებობს საფუძველი ფართომასშტაბიანი ომისთვის.

ყარაბაღში ვითარება გასულ კვირას დაიძაბა, რასაც 14 ადამიანი შეეწირა. აზერბაიჯანული და სომხური მხარე დაპირისპირების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დეტალები, თუ ზუსტად რა მოხდა, გაურკვეველი რჩება.

კომენტარები