პრემიერი: დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების გამარჯვებაში

საქართველოს პრემიერმინისტრმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე ქართული ოცნების ოფისში თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მეორე ტურის გამართვა მიულოცა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები წარმატებით ჩაატარა.

"არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ავირჩიეთ. ამის დადასტურებაა დღევანდელი დღეც, რომელმაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას, ოლქების, უბნების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც თავდაუზოგადვად იშრომა და მართლაც თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატარა. ამ ხალხმა 24-საათიან რეჟიმში იმუშავა იმისათვის, რომ არჩევნების მეორე ტური ყოფილიყო ისეთივე დონის, როგორც ეს 15 ივნისს გვქონდა და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურსაც ასეთივე შეფასებები მოჰყვება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან" - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ "დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების გამარჯვებაში".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, "ამ არჩევნებში ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა, ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს, ფეხზე დადგეს და წელში გაიმართოს". მანვე აღნიშნა, რომ "ხვალიდანვე გაორმაგებული ენერგიით უნდა განვაგრძოთ თავდაუზოგავი შრომა, ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ამ განცდით და შეგნებით ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად უნდა ჩავაყენოთ საქართველო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ".

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა. დღეს მერებსა და გამგებლებს იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ირჩევდნენ, სადაც კანდიდატებმა 15 ივნისის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. 

კომენტარები