ლომჯარია: უგულავას დაკავებამ ჩრდილი მიაყენა წინასაარჩევნო პერიოდს

netgazeti.ge

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ტაბულას გადაცემა ფოკუსში სტუმრობისას კომენტარი ენმ-ს საარჩევნო შტაბის უფროსის, გიგი უგულავას წინასაარჩევნო პერიოდში დაპატიმრებაზეც გააკეთა. მისი თქმით, უგულავას დაკავებამ წინასაარჩევნო პერიოდს ჩრდილი მიაყენა.

”გუშინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ და შევაჯამეთ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი და გიგი უგულავას დაკავება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ამ პერიოდში დაფიქსირდა. ჩვენ ვაფასებთ ამ ფაქტს, როგორც მორატორიუმის დარღვევას, რადგან ეს იყო პოლიტიკური შეთანხმება და პოლიტიკური პირობა, რაც ხელისუფლებამ გასცა და მე ვფიქრობ, რომ მისმა დაკავებამ გარკვეული ჩრდილი მიაყენა წინასაარჩევნო პერიოდს. თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად მორატორიუმი ქვეყანაში საჭირო იყო იმიტომ, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ყოველგვარი კითხვისნიშნის გარეშე, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მისი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ვფიქრობ, როცა ასეთი პოლიტიკურად აქტიური პირის დაკავება ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, ეს აზარალებს მთლიანად ქვეყნის იმიჯს. ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან მაღალი სტანდარტით უნდა დაასაბუთონ სამართალდამცველმა ორგანოებმა მისი დაკავების აუცილებლობა. რაც ამ შემთხვევაში, მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ერთი დღის წინ სასამართლოს სხვა ტიპის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, მისი გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. თუმცა მეორე დღეს მან საჭიროდ ჩათვალა შეეცვალა ეს გადაწყვეტილება და აღმკვეთი ხონისძიება შეუცვალა. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ეს აზარალებს ქვეყანას და საარჩევნო გარემოს” - განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები