ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა - 13.2% ხონის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00-სთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხონის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება, სადაც გამგებლობისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასწარ პატიმრობაში მყოფი კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია და ქართული ოცნების კანდიდატი ჯემალ მებუკე იბრძვიან. ხონში ამ დროისთვის, ამომრჩეველთა 13.2% მივიდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ჯიბუხაიამ ხმათა 42.11% მიიღო, ხოლო მებუკემ - 46.87%.

ცესკოს ინფორმაციითვე, ოზურგეთში ამომრჩევლის აქტივობაა 12.2%, ლანჩხუთში 11.2%, მცხეთაში 10.3%. რაც შეეხება თბილისს, თუ 10:00-ზე პირველ ტურში ამომრჩეველთა 5.6 %-მა დააფიქსირა საკუთარი ნება, მეორე ტურში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 6.9% გამოცხადდა.

ამ დროისთვის, ყველა საარჩევნო ოლქში 117 409 ადამიანი მივიდა არჩევნებზე, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.84 %-ია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები