პატრიარქის საკვირაო ქადაგება

ილია მეორე: ქართული მიწის, წყაროს წყლის, მდინარის გასხვისება არ შეიძლება

ილია II

ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლა არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება - ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, მთლიანად დავკარგოთ, დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნია ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდოს უცხო ხალხმა, უცხო ქვეყნებმა და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ. უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს მომავალზე, შთამომავლობაზე. არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90-იანი, 100 წლით გასხვისება. მაგალითად ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, განადგურდება ხალხიც. 100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ყურადღებით, რუდუნებით უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვიხსნას გონება და გავიგოთ რა არის აუცილებელი ჩვენთვის, რა არის ნამდვილი ფასეულობა", - ამბობს ილია მეორე.

კომენტარები