ღარიბაშვილი: ასოცირების ხელმოწერა დასაწყისია ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე

ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს კეთილდღეობას, სტაბილურობასა და სიმდიდრეს მოუტანს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

”ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ქართული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, ყოველგვარი ტარიფებისა დ კვოტების გარეშე”, - განაცხადა პრემიერმა.  

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

”კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა. პროგრესი ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უვიზო რეჟიმი მოიტანს ხელშესახებ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებისათვის და გაზრდილი მობილობა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას და გააძლიერებს ბიზნესურთიერთობებს, ასევე გააძლიერებს ურთიერთობას კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლინკებს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

პრემიერმინსტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს წარმატებული სვლა დიდწილად რეგიონში სტაბილურობაზეა დამოკიდებული და მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისათვის.

”ჩვენი ქმედებების წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სტაბილური და დაცული იქნება სიტუაცია რეგიონში. და ამ კონტექსტში, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შიგნით. მინდა მადლობა გადავუხადო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, სხვათა შორის, ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდში აქტიური მონაწილეობის გამო EUMM-ს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.

საქართველო ასევე სარგებელს იღებს უსაფრთხოების ასპექტში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისგან, თუმცა ჩვენც ვამაყობთ იმითი, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების  მისიაში, იმისათვის რომ ავაშენოთ მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოს მასშტაბით. დღეს ქართველი ჯარისკაცები არიან სამხედრო მისიით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში”, - განაცხადა მან.

პრემიერმინისტრის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ დასაწყისია ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე.  

”ჩვენ მზად ვართ, რომ გავიაროთ ეს გზა და ავაშენოთ ჩვენი მომავალი ევროკავშირთან ერთად, როგორც საერთო ევროპული ოჯახის დემოკრატიულმა და თავისუფალმა წევრებმა”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები