პრემიერი: 20:00-ის მონაცემებით, თბილისში დავით ნარმანიამ გაიმარჯვა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ პრემიერმა კოალიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა და ნარმანიას გამარჯვებაც მიულოცა.

"ახლა საჭიროა, რომ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. დღევანდელი გამარჯვებით, ჩვენმა კოალიციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ მართლა უალტერნატივო ძალა. მიუხედავად უპრეცედენტოდ მაღალი და სამართლიანი კონკურენციისა, ჩვენ სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს ჩვენ მიერ დაწყებული დემოკრატიული ცვლილებები განვითარების ერთადერთი სწორი გზაა. დღევანდელი არჩევანი ჩვენი ქვეყნის წინსვლის უპირობო გარანტიაა. ერთად მივიყვანთ ქვეყანას რეალურ კეთილდღეობამდე. მმართველი კოალიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევევბის გარეშე" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობა გადაუხადა "საარჩევნო პროცესის კარგად ორგანიზებისთვის", ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს.

"დღევანდელი არჩევნებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ და ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ცივილიზებული მსოფლიოს სრულუფლებიან წევრად იქცეს. ჩვენი მონაცემებით და ეგზიტპოლის მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მოიგო საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. დიდ მადლობას ვუხდი ხალხს წინდახედულობისთვის და ჩვენდამი გამოჩენილი დიდი მხარდაჭერისთვის" - თქვა პრემიერმა და საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩატარებული არჩევნები მულოცა.

"ეს არის არამხოლოდ ქართული ოცნების, არამედ, საქართველოს გამარჯვება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც  ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის 18:00-ის შედეგების მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

კომენტარები