მარტვილში, შეიარაღებულმა პირებმა საარჩევნო უბანი დააყაჩაღეს

მარტვილში, დოშაყეს საარჩევნო ოლქში N 16 უბანი დააყაჩაღეს. როგორც ტაბულას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ბართაიამ უთხრა, დაახლოებით დილის ექვს საათზე, დოშაყეს მე-16 უბანში, რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით უბნიდან ყველა დოკუმენტაცია გაიტაცა.

გრიგოლ ბართაიას თქმით, უბანს დაცვის პოლიცია იცავდა. თავდამსხმელებმა მათ უთხრეს, რომ კომისიის წევრები არიან, პოლიციამ კარი გააღო და სწორედ ამის შემდეგ მოხდა თავდასხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს, დოშაყეს საარჩევნო ოლქის N 16 უბანზე ხმის მიცემის პროცედურისჩაშლის გამო, როდის უნდა მოხდეს დამატებითი არჩევნების დანიშვნა.

"ამ უბანზე ხელახლა ჩატარდება არჩევნები. როდის და რა ვადებში, ამას გადაწყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისია" - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 07:00-ზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა 08:00-ზე დაიწყო.

დღევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევს.

კომენტარები