საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 80-დან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა არ დაადასტურეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ. მთავარი პროკურატურის განმარტებით, უწყებამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია. აქედან, ოთხ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. პროკურატურა აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, რომელთა შორის იყვნენ არა მხოლოდ შესაძლო ზეწოლის მსხვერპლები, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდა რაიმე ინფორმაცია.
"ამასთანავე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უშუალოდ გადაამოწმეს ის ფაქტები, სადაც შესაძლო მუქარასა და ზეწოლაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამხელდნენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ შედეგები და გაუწყოთ, რომ 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს. აქვე გაცნობებთ, რომ პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მომხდარი ფაქტების ირგვლივ განმარტების მიღებას. მათ შორის, პროკურატურამ გამოიკვლია უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული საკითხი შალვა გოლოშვილის მიმართ ზეწოლის შემთხვევის ფაქტზე, რომლის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა. გამოკითხვისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით ზეწოლის ფაქტი უარყო როგორც შალვა გოლოშვილმა, ისე თამაზ მაყაშვილმა, რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. თამაზ მაყაშვილმა ასევე განმარტა, რომ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ "ოთხ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ე.ი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება".
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება მუქარის შემცველი ზარების ავტორების და იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
"პროკურატურა ასევე დაინტერესდა სოფელ უდეში მომხდარი სავარაუდო ზეწოლის ფაქტებითაც. გამოიკითხნენ როგორც საარჩევნო კანდიდატები, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ არ დაადასტურეს, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. პროკურატურის მიერ სხვა საკითხთა შორის შესწავლილი იქნა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატის - კახა კილაძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ. გამოკითხვისას კახა კილაძემ განმარტა, რომ კანდიდატურა თავიდავე ფორმალურად დააყენა მისი მეგობრის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის - მიხეილ გოგოტიშვილის თხოვნით, რომელმაც მას აუხსნა, რომ რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ნებისმიერ დროს შეეძლო კანდიდატურის მოხსნა. პროკურატურა აგრძელებს მსგავსი ფაქტების გამოკვლევას და ვაცხადებთ მზაობას შესწავლილი იქნას ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს რაიმე სახის სამართალდარღვევას, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები რამდენიმე კვირაა საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი კანდიდატები კანდიდატურებს ხსნიან და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ზეწოლის გამო ამბობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეორე შუალედური დასკვნის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, სავარაუდო ზეწოლის გამო, კანდიდატურა 52-მა კანდიდატმა მოხსნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით კი, 30-ზე მეტმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო მოხსნა. NDI-ის ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატმა თქვა. ხოლო საიას ცნობით, ასეთი 527 ფაქტი დაფიქსირდა.





