საია: წინასაარჩევნოდ, ხელისუფლებამ ძალადობის პრევენცია ვერ შეძლო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, "არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა". როგორც საია-ს შუალედურ ანგარიშში წერია, გახშირდა ისეთი საარჩევნო დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ფიზიკური დაპირისპირება. საიას შეფასებით, მსგავსი ფაქტები აზიანებდა წინასაარჩევნო გარემოს და საფრთხეს უქმნიდა თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.  

"მართალია, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავისუფალი და არაძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მისი უპირველესი ამოცანა იყო, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი აქტებისა და დაპირისპირების შემცველი ინციდენტების სათანადო პრევენცია ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მიუხედავად უწყებათაშორისი კომისიის ძალისხმევისა, მომხდარიყო წინასაარჩევნო დარღვევების პრევენცია, მთელ რიგ შემთხვევებში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები უხეშად ირღვეოდა, რაც აღნიშნული კომისიის მუშაობას არაეფექტურს ხდიდა.   საანგარიშო პერიოდში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის/საარჩევნო ბლოკის კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად ამბობდნენ და საკუთარ კანდიდატურებს რეგისტრაციიდან ხსნიდნენ. აღნიშნულ ინფორმაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიები აწოდებდნენ" - ნათქვამია საიას ანგარიშში და აღნიშნულია, რომ 2 ივნისის მდგომარეობით, 9 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა.  

"დაზარალებულები, ძირითადად, არ აკონკრეტებდნენ, თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. პარტიების ან თავად კანდიდატების განმარტებით, მათთან ხორციელდებოდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, ადგილი ჰქონდა ახლობლის სამსახურიდან გათავისუფლების ან „პრობლემების შექმნის“ მუქარას, ასევე „დანაბარების" გადმოცემას ახლობლების მეშვეობით. აღნიშნულის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ინიციატივით საარჩევნო კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის საკმაოდ ბევრი ფაქტი (527 ფაქტი) დაფიქსირდა.  აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში კანდიდატებმა ზეწოლის შედეგად მოხსნეს კანდიდატურა" - აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირება არასაკმარისი და არაეფექტურია.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, უარყო საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები და მასში პოლიციელთა შესაძლო მონაწილეობა.  პროკურატურის ინფორმაციით, სავარაუდო ზეწოლის 61 ფაქტიდან მხოლოდ 4 ფაქტზე დაიწყო  გამოძიება.  ამ ფონზე, ძალადობის, ზეწოლის უპირობო დაგმობისა და ეფექტური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, არაადეკვატური იყო საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ქართული ოცნება არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებდა სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას.   ქართულმა ოცნებამ გააჟღერა წინადადება და ცესკოს მოუწოდა, მიეღო სათანადო ზომები იმისათვის, რომ პარტიათა კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნა არ მომხდარიყო.  ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილების პროექტი მანამდე უკვე მომზადებული ჰქონდა და მისი მიღება მომდევნო დღეს იგეგმებოდა, რაც ქართული ოცნებისთვის ცნობილი გახდა და ეს გარემოება საკუთარ ინიციატივად წარმოაჩინა" - აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო კვლევის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა თავდასხმის - 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და  ძალადობის - 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 2, სავარაუდოდ აგიტაციის წესების დარღვევის - 1, სამსახურიდან გათავისუფლების - 2,  პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების დარღვევის - 1 ფაქტი. 

კომენტარები