საია: სავარაუდო ზეწოლა 52 კანდიდატზე განხორციელდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. მასში ყურადღება ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლაზეა გამახვილებული და აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, თვთმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში გარემო გაუარესებულია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სავარაუდო ზეწოლა ოპოზიციის 52 კანდიდატზე განხორციელდა. მასში ამა თუ იმ კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილებებიც არის მიმოხილული. შუალედური ანგარიში 1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

"ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების ხელშეშლის ფაქტები, სააგიტაციო მასალის გავრცელებაში ხელშეშლის ფაქტები. კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მოხდა სხვადასხვა რეგიონში. ასევე, ყურადღება დავუთმეთ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხებოდა მმართველი საარჩევნო ბლოკის კანდიდატების რეგისტრაციას ფოთისა და რუსთავში და იმავდროულად, მარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის რეგისტრაციის საკითხს. ასევე ყურადღებას ვამახვილებთ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე, რომლებიც მრავლად ვრცელდებოდა მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში, ჩვენს ანგარიშში მოხვდა სავარაუდო ზეწოლის 52 ფაქტი", - აცხადებს საიას საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური.

 

კომენტარები