აკმამედ იმამკულიევის პროცესი ხვალისთვის გადაიდო

მარნეულში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის ყოფილი კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის თქმით, სასამართლომ აჩვენა, რომ მომჩივან მხარეს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმამკულიევის კანდიდატურის მოსახსნელად. მისი თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ვერ უარყოფს იმას, რომ იმამკულიევს ქვეყნიდან გასვლა არ ეკრძალებოდა. 

"გარდა ამისა, არსებობს სასამართლო პრეცედენტები, როდესაც ქართული ოცნების ორ კანდიდატს ფოთსა და რუსთავში, საჩივარი დაუკმაყოფილეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი 182 დღით იმყოფებოდა მივლინებაში" - ამბობს დარჩიაშვილი. 

დარჩიაშვილმა ტაბულასთან საუბარში ასევე ახსნა, რომ მოსამართლის მხრიდან საკმაოდ ლოგიკური შეკითხვები იყო დასმული მომჩივანი მხარისთვის და იმ შემთხვევაში თუ მოსამართლემ ზეწოლას გაუძლო, საქმე იმამკულიევის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. 

დარჩიაშვილმა ასევე დაამატა, რომ მომჩივანი მხარის, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი აჭარაში ოცნების აქტივისტი იყო და მარნეულში მისი ყოფნა ეჭვს ბადებს, იმის შესახებ, რომ იმამკულიევის საქმე "შეკერილია", რის უკანაც, მისივე თქმით, შსს და ირაკლი ღარიბაშვილი დგანან. 

სასამართლო პროცესი ხვალ, 10 ივნისს, 13:00-ზე განახლდება.

კომენტარები