შეიარაღებული ძალებისთვის 9 სპეციალური საარჩევნო უბანი გაიხსნება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის 15 ივნისს 9 სპეციალური საარჩევნო უბანი გაიხსნება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ, სამხედრო მოსამსახურეებს 15 ივნისს სამხედრო ნაწილებში გახსნილ სპეციალურ საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცედურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

შეხვედრაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, როგორიც არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო. 

15 ივნისს თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისში, ბაღდათში, სენაკსა და ბათუმში ცხრა სპეციალური უბანი გაიხსნება, სადაც 3 300-მდე სამხედრო მოსამსახურეს ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს. 

სამინისტროს ცნობით, დამატებით 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურე არჩევნებში მონაწილეობას სამხედრო ნაწილის ახლოს მდებარე საარჩევნო უბნებში მიიღებს. ყველა სხვა სამხედრო მოსამსახურეს და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღონ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაინტერესებულ დამკვირვებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად დაესწრონ საარჩევნო პროცესს სპეციალურ საარჩევნო უბნებში და ნებისმიერი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, პირდაპირ დაუკავშირდნენ პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში: მინისტრის პირველ მოადგილეს, ირაკლი გეგეჭკორს და გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ჩაჩიბაიას. 

კომენტარები