ზალკალიანი: აშშ-ის საელჩოს განცხადებას უწყებათაშორისი კომისია შეაფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე შესაბამის რეაგირებას უწყებათაშორისი კომისია მოახდენს. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, უწყებათაშორისი კომისია, რომელიც საქართველოს მთავრობაში არის შექმნილი, ამაზე რეაგირებას მოახდენს. ეს მათი პრეროგატივაა, რომ ყველა დეტალი იქნას შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩართულია ამ კომისიის საქმიანობაში. ვფქრობ, რომ კომისია ძალიან წარმატებულად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე გავლილი პერიოდი ამაზე მეტყველებს, რომ მათი საქმიანობა ძალიან გამჭვირვალეა. ისინი ჩადიან რეგიონებში და ყველა შესაძლო შემთხვევაზე ხდება მყისიერი რეაგირება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის საელჩო საქართველოში წინასაარჩევნოდ, მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებით შეშფოთებულია. საელჩო საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

7 ივნისს კი, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები