გიორგი ღონიაშვილის დაკავება

უგულავა: გიორგი ღონიაშვილს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი უგულავამ გიორგი ღონიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ღონიაშვილს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებასთან, არამედ საერთოდ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანია. 

”დღეს ვიხილეთ მორიგი ტაკიმასხარობა დადგმული ფინანსური პოლიციის მიერ. წაცდენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა დააანონსა ცხელი ზაფხული და ის, რომ არცერთ რაიონში ნაციონალურმა მოძრაობამ არ უნდა გაიმარჯვოს, ამ გეგმამ მოქმედება დაიწყო.

არჩევნებამდე 10 დღით ადრე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მათ გადაწყვიტეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მთავარი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაცია. დაკავებული გიორგი ღონიაშვილი არის ჩემი ქვისლი და მეგობარი, მაგრამ მას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ის არის აბსოლუტურად პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანი. მას აქვს თავისი საქმე და ეწევა თავის საქმეს. მისი დაკავშირება ნაციონალური მოძრაობის პარტიის დაფინანსებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დეზინფორმაცია და ტყუილი და მიზნად ისახავს ჩემი და ასევე პარტიის დისკრედიტაციას.

ჯერ იყო ჩემი ავადმყოფი სიმამრი. ყველა ვისთვისაც გამარჯობა მაქვს ნათქვამი და ვისთანაც ვმეგობრობ, ძირითადად განებივრებულია ფინანსური პოლიციის სტუმრობით. ან საშემოსავლო სამსახურის სტუმრობით. მეგობრები, ძმები ახლობლები, ადამიანი აღარ დარჩა, რომელიც არ იყოს დაწიოკებული. როგორც ჩანს, ასეთი მეთოდით აქვთ გადაწყვეტილი ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა. ბუნებრივია, ამას ასევე ვუკავშირებ, რომ თევზის ფხასავით გაეჩხირათ ზოგ-ზოგიერთს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მათი დაშინებით მიღებული სასამართლოს დადგენილება ანტიკონსტიტუციურად სცნო. როგორც ჩანს, ძალიან მძიმედ განიცდის ხელისუფლება, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, ძირითადად, საზოგადოების გულისწუხილს წარმოადგენს ის 138 მილიონი ლარი, რომელიც მათ გარღვეული ბიუჯეტის ფონზე 2013 წელს დაურიგეს პრემიებად”, - თქვა უგულავამ.

უგულავას თქმით, ამ საქმესთან დავით კეზერაშვილის დაკავშირებაც ხელოვნურად ხდება.

”ხელოვნურად ხდება დაკავშირება ასევე ჩემი მეგობრის, რომელსაც პარტიასთან აღარ აქვს შეხება, ის დევნილია საქართველოსგან და პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული ევროპის ქვეყანაში და საფრანგეთის სასამართლომ გაამართლა. მე მხედველობაში მაქვს დავით კეზერაშვილი და ვხედავთ, საპნის ოპერას წინასაარჩევნოდ, რომელიც საპნის ოპერასავით გაქრება და მისი მიზანია ეხლა წინასაარჩევნოდ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენი პარტიის დიკსრედიტაცია”, - ამბობს უგულავა. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს.

კომენტარები