ენმ ქართული ოცნების ინიციატივაზე: შუა თამაშში წესებს და კანონებს არ ცვლიან

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართული ოცნების ინიციატივა - პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხ­ვევაში, არ მოიხსნას საარჩევნო პროცესიდან მთელი სია - "რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არაადეკვატურია". ენმ-ის წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს შეეშალა ინსტიტუტი, რადგან კანონებს პარლამენტი ცვლის. ასევე, მისი თქმით, კალაძეს ვადაც შეეშალა.

"ვადები გასულია და შუა თამაშში კანონებს არ ცვლიან. ეს განცხადებები არ იქნებოდა საჭირო, მთავრობას რომ არ გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. მთელ საქართველოში მიმდინარეობს აღვირახსნილი ზეწოლა ძალოვანი უწყებების გამოყენებით, როგორც ჩვენს, ისე სხვა ოპოზიციურ კანდიდატებზე. შანტაჟის, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის და სხვა მსგავსი ქმედებების შედეგია ის, რომ სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას არჩევნების სამართლიანობის და მთლიანად საარჩევნო გარემოს დემოკრატიულობის საკითხი. არასამთავრობოების, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პროტესტმა ისინი დააფიქრა, რომ ამ ყველაფერს ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება. სწორედ ამის შედეგია ეს არაადეკვატური განვცხადება, რომელიც საჭირო არ იქნებოდა, რომ არა ის ქმედებები, რომელსაც იგივე მთავრობა აკეთებს მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში", - განაცხადა თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, დმანისის რაიონში რეგისტრაციიდან მოხსნილია სხვა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სია და გამგებლობის კანდიდატი. ასევე, მოხსნის პირას არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია.

"ამ პირობებში, ჩვენ სერიოზული ეჭვის ქვეშ დავაყენებთ დმანისის შედეგებს, როგორი შედეგიც არ უნდა იყოს ეს, თუ ცესკო რამე ქმედით შედეგებს არ მიიღებს. რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ეს არ ანულირებს იმ ქმედებებს, რაც ხდებოდა აქამდე. შესაბამისად, არ აუქმებს იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას, რომლებმაც გასცეს და შეასრულეს ზეწოლის ბრძანება. ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ სერიოზულ ეჭვს გამოვთქვამთ, რომ ამას ეს მთავრობა გააკეთებს, რადგან მათი გამოძიებული საქმე და დასჯილი პირი, ოპოზიციური ძალების გარდა, არ გვინახავს", - თქვა ლევან თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საარჩევნო ბლოკმა ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სუბიექტებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მედიაში ეს თემა ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ და არ ყოფილა გამყარებული ფაქტებით". კოალიციამ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხ­ვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვა­ლისწინებს.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით კი, კახა კალაძის ინიციატივა კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს ეხება და ნორმის ამოღება ან შეცვლა სწორედ მისი კომპეტენციაა და არა ცესკოსი. მისივე თქმით, ინიციატივის დამტკიცება თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

კომენტარები