შიო კობიძის საქმე

კოჟორიძე: შიო კობიძე წამების მსხვერპლი იყო და ეს ფაქტი უყურადღებოდ რჩება

აფხაზეთის ომის ვეტერანი შიო კობიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მთაწმინდის განყოფილების თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს. როგორც კობიძე ამბობს, პოლიციელებმა იგი 2013 წლის 28 ოქტომბერს შელაპარაკების გამო დააკავეს და მთელი ღამის განმავლობაში ცემდნენ. კობიძის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც საკითხით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა. პროკურატურამ თებერვლის დასაწყისში კობიძე და მისი მეგობარი, ვინც განყოფილებაში მასთან ერთად იმყოფებოდა, თებერვლის დასაწყისში დაკითხა, მაგრამ გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ შიო კობიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, წამებას ეხება.

„შიო კობიძე წამების მსხვერპლი იყო და ამას, მისი მეგობარი ადასტურებს, რომელიც იმ დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ასეთი ფაქტები, როდესაც უყურადღებოდ რჩება, ეს პოლიციელებისთვის, რა თქმა უნდა, მწვანე შუქია. ეს სისტემისადმი საშიში მიდგომაა. წინა წლებში სისტემის მიმართ ნდობის შერყევის მიზეზი სწორედ, ის იყო, რომ, როდესაც პოლიცია დანაშაულს ჩაიდენდა, მთელი სისტემა არა ეფექტური გამოძიებისკენ, არამედ ფაქტის დამალვისკენ იყო მიმართული. ახლაც ანალოგიური მიდგომაა“, - ამბობს კოჟორიძე.

კოჟორიძე პროკურატურას ფაქტზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. კახა კოჟორიძის თქმით, ის, რომ გამოძიება არა წამების, არამედ სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების მუხლით არის დაწყებული, დამატებითი ინდიკატორია იმისა, რომ ამ საკითხის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება არსებობს.

ცემის ფაქტს იხსენებს თავად შიო კობიძე. „15-მდე პოლიციელთან შელაპარაკება მომივიდა. პოლიციელებს უნიფორმები არ ეცვათ. შემდეგ დამარტყეს, ხელბორკილები დამადეს და იქვე, ჩემი მეგობრის თვალწინ მცემეს. შემდეგ თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანეს და დილამდე მცემდნენ. ჩემი მეგობარიც არ გაუშვეს და აიძულეს, ჩემი ცემა ენახა“, - აღნიშნავს შიო კობიძე.

ტაბულა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, კობიძის საქმეზე პასუხის გაცემას დღეს ვერ ახერხებენ.  

კომენტარები