წინასაარჩევნო გარემო

ISFED: საკრებულოს წევრობის კანდიდატის მეგობრები სამსახურიდან გაათავისუფლეს

სამართლიანმა არჩევნებმა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტებზე უწყებათაშორის კომისიას მიმართა. ორგანიზაციის განცხადებით, კომისიამ დროულად უნდა შეისწავლოს კაჭრეთის რწმუნებულის და კაჭრეთის ტეროტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტები და მოახდინოს მათზე შესაბამისი რეაგირება.

“გურჯაანის გამგებლის - ემზარ ჯიქურაშვილის ბრძანებით, 13 მაისს, სოფელ კაჭრეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გულო ბასილაშვილი და სოფელ კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ოთარ მირიანაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ორივე მათგანი გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს. ბასილაშვილი და მირიანაშვილი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის - გივი რამაზაშვილის მეგობრები და მხარდამჭერები არიან და სამსახურიდან გათავისუფლებას ამ ფაქტს უკავშირებენ. არცერთ გათავისუფლებულს წარსულში არ ჰქონია მიღებული არც სიტყვიერი, არც წერილობითი გაფრთხილება ან საყვედური.  საინიციატივო ჯგუფის მიერ დარეგისტრირებულმა საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, გივი რამაზაშვილმა სამართლიანი არჩევნების კოორდინატორთან საუბარში განაცხადა, რომ ემზარ ჯიქურაშვილმა რამდენჯერმე შეუთვალა მას, მოეხსნა კანდიდატურა, 6 მაისს კი პირადად შეხვდა და მოსთხოვა კანდიდატურის მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

სამართლიანი არჩევნები გმობს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე", - აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები