პრეზიდენტის არჩევის წესი

ხიდაშელი: პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი კონფლიქტის წყარო იქნება

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ როცა აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში მთავარი ფიგურა პრემიერმინისტრია, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი ნებისმიერ ვითარებაში მუდმივი კონფლიქტის წყარო იქნება.

ხიდაშელის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდებიან, თუ როგორი უნდა იყოს ინსტიტუციებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა, მოდელი თავისთავად გახდის ნათელს, თუ როგორი წესით უნდა იყოს არჩეული პრეზიდენტი.

"იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პარლამენტში მე წარმოვადგენ, დიდი ხანია მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ უნდა ხდებოდეს ისეთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია საქართველოში. ეს არის ერთი ხედვა – ერთი მოდელი. ბუნებრივია, არსებობს სხვა ხედვაც, სხვა მოდელი, რომელიც საპრეზიდენტო მმართაველობას და შესაბამისად, პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევას ეფუძნება. ის რაც დღეს გვაქვს, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები, მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ხელშია, როცა ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით, მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრია, ვფიქრობ, ცოტა ანომალურია პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. ეს მუდმივი კონფლიქტის წყარო იქნება, ნებისმიერ ვითარებაში, თუმცა აქაც არსებობს შუალედური მოდელები. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ პირდაპირ ხალხი ირჩევს, მეორე ვარიანტია, როცა პარლამენტი ირჩევს, არსებობს ვარიანტი, როცა პრეზიდენტს ირჩევს ე.წ. საარჩევნო კოლეჯი, რომელიც სხვადასხვა კონფიგურაციით შეიძლება შეიქმნას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები