წინასაარჩევნო გარემო

წულუკიანი: უნდა გაორმაგდეს ძალისხმევა, რომ სააგიტაციო მასალა ხელშეუხებელი იყოს

უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალებისა და პლაკატების დაზიანების ფაქტებით შეშფოთებულია. უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას თეა წულუკიანმა მუნიციპალიტეტებს მიმართა, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა საარჩევნო სააგიტაციო მასალა ხელშეუხებელი და საარჩევნო კონკურენცია ჯანსაღი იყოს.

როგორც წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ის შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი მოქალაქე და აქტივისტი ბედავს, მისთვის არასასურველი კანდიდატის პლაკატის დაზიანებას, ან სხვის პლაკატზე საკუთარის გადაკვრას.

"გასული ორი კვირის განმავლობაში კომისიამ იმუშავა 24-საათიან რეჟიმში. ტენდენცია, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა, არის ის, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რეალურად არ დაფიქსირებულა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველა, მათ შორის, მუნიციპალიტეტებმა უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რომ დარჩენილი პერიოდი წარიმართოს მაქსიმალურად კანონის დაცვით და ცივილიზებულ პირობებში. პირადად მე  შეშფოთებული ვარ ზოგიერთი მოქალაქის და აქტივისტის ქმედებით, რომელიც ბედავს და არასასურველი კანდიდატის პლაკატებს აზიანებს. ზოგიერთი უფრო შორსაც მიდის და სხვის პლაკატზე სხვა მასალას აკრავს. ზოგიერთი იტყვის, რომ ეს პატარა პრობლემაა, ადრე ქვას ისროდნენ, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა. მინდა მივმართო მუნიციპალიტეტებს, გაორმაგდეს ძალისხმევა, რომ სააგიტაციო მასალა იყოს ხელშეუხებელი, რათა კანდიდატებს მიეცეთ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ბრძოლა", - განაცხადა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე. 

უწყებათაშორისი კომისია დახურულ ფორმატში მუშაობს.

კომენტარები