სამოქალაქო ავიაცია

ევროკონტროლის რეკომენდაციის მიუხედავად, აირზენა ყირიმის თავზე დაფრინავს

ავიაკომპანია აირზენა-საქართველოს ავიახაზები ფრენას უკრაინის საჰაერო სივრცის ყირიმის მონაკვეთის გავლით ახორციელებს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ევროკონტროლი ავიაკომპანიებს რეკომენდაციას აძლევს, ფრენისთვის ეს ზონა აღარ გამოიყენონ.

ვებგვერდ flightradar24.com-ის მონაცემებით, რომელზეც ყველა ფრენაზე რეალურ დროში დაკვირვება არის შესაძლებელი, ყირიმის თავზე აირზენას რეისების ფრენა ფიქსირდება. კერძოდ, თბილისი-პარიზის, ამსტერდამი- თბილისისა და თბილისი-ვენის რეისები 9, 10 და 15 მაისს.

22 აპრილს ევროპის საჰაერო სივრცის კონტროლის ორგანიზაციამ (Eurocontrol), ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად, ევროპულ ავიაკომპანიებს რეკომენდაცია მისცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თავი აარიდონ ფრენას უკრაინის სამხრეთის, ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების აკვატორიის ნაწილის თავზე და ალტერნატიული მარშრუტები აირჩიონ.

flightradar24-ის მონაცემებით, ამჟამად ყირიმის საჰაერო დერეფანს ძირითადად რუსული ავიაკომპანიები იყენებენ, სხვა ავიაკომპანიები ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობენ.

აირზენა-საქართველოს ავიახაზებში ტაბულას განუცხადეს, რომ ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს „უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებით, ისევე როგორც დანარჩენი ავიაკომპანიები". ავიაკომპანიაში ყირიმის საჰაერო დერეფნით სარგებლობას არ ადასტურებენ.

ამავე დროს, თითოეული რეისის მარშრუტი flightradar24-ის მონაცემთა ბაზაში ინახება, ეს მონაცემები კი ადასტურებს, რომ აირზენას ზოგიერთი რეისი სწორედ ყირიმის თავზე სრულდება.

ამჟამად, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, სიმფეროპოლისა და სევასტოპოლის აეროპორტები ფრენებისთვის დახურულია. 12 მარტიდან დახურულია საჰაერო სივრცე ოკუპირებული ყირიმის თავზე, თუმცა კვლავაც ნებადართულია სატრანზიტო ფრენები, რომლებსაც უკრაინის აერონავიგაცია უზრუნველყოფს. 14 მაისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი ყირიმში ფრენის აკრძალვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ 12 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის მინისტერიალზე იმსჯელეს.

კომენტარები