არასამთავრობოების განცხადება

არასამთავრობოების მიმართვა მინისტრ დარახველიძის ჰომოფობიურ განცხადებებზე

radiotavisupleba.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის განცხადებებს ჰომოფობიურს უწოდებენ. დარახველიძემ გაზეთ ვერსიასთან ინტერვიუში ჰომოსექსუალებს ავადმყოფები უწოდა და თქვა, რომ ისინი თანაგრძნობას იმსახურებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მსგავსი განცხადებები აღვივებს სიძულვილს ლგბტ თემის მიმართ და არ შეესაბამება განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე პირების მიმართ მედიცინასა და სამართალში საყოველთაოდ აღარებულ მიდგომებს, რაც ყველა ადამიანის უმაღლეს ფასეულებად აღიარებისა და მისი უფლებების დაცვის უნივერსალობის პრინციპს ეფუძნება.

"ჩვენ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებები, რომელიც მან გაზეთ "ვერსიასთან" 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მინისტრის მიერ ლგბტ პირების "ავადმყოფებად" და "სექსუალური გადახრის" მქონე ადამიანებად მოხსენიება აღვივებს სიძულვილს ლგბტ თემის მიმართ და არ შეესაბამება განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე პირების მიმართ მედიცინასა და სამართალში საყოველთაოდ აღარებულ მიდგომებს, რაც ყველა ადამიანის უმაღლეს ფასეულებად აღიარებისა და მისი უფლებების დაცვის უნივერსალობის პრინციპს ეფუძნება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მსგავსი რიტორიკის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ასეთი გზავნილები ხელს უწყობს განსხვავებული გენდერული იდენტობის ადამიანიების მიმართ საზოგადოებაში შეუწყნარებლობის ატმოსფეროს გაძლიერებასა და ლეგიტიმაციას, რისი ძალდობრივი და მასშტაბური გამოვლინებაც 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. სამოქალაქო საზოგადოების მიერ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის პროცესის დაკნინება კი მინისტრის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის არასწორ გააზრებასა და ლგბტ პირთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობის არცოდნას აჩვენებს", - წერია განცხადებაში.

არასამთავობო ორგანიზაციები მინისტრ დარახველიძის მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას გაკეთებულ რასისტულ განცხადებებსაც იხსენებენ.

"მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დავით დარახველიძემ თავის საჯარო გამოსვლებში ადამიანთა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას მიმართა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს მის მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებების გამო სამოქალაქო სექტორმა მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის დავით დარახველიძის ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები მიმართავენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.

"მივმართავთ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერმინისტრს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ განცხადებაზე, რაც წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონცეფციასთან. ამ მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შეიმუშავოს გრძელვადიანი ხედვა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მისი წევრების მიერ სიძულვილით მოტივირებული განცხადებების პრევენციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან - მედიის განვითარების ფონდი, MDF; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC; საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS; იდენტობა; საფარი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

კომენტარები