აბდულა გიული: კავკასიის მაღალ მთებს ვაქცევთ დამაკავშირებელ გზად

თბილისის სამიტი 2014-ის ფარგლებში აბდულა გიული და ილჰამ ალიევი სიტყვით გამოვიდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრების დროს ძალიან დეტალურად განიხილავენ ყველა ამ პროექტს. 

"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და თბილისი-ყარსის პროექტები მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთლიანად, გლობალური მასშტაბით. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ ამ გლობალური პროექტების მნიშვნელობას და ეს სამი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მე ვფიქრობ, რომ ამას შესაბამისად აფასებენ მთლიანად რეგიონში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კავკასიის მაღალი მთები არის კედელი, რომელიც გვაშორებს, - არა, ჩვენ ფაქტობრივად მას ვაქცევთ დამაკავშირებელ გზად. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნების ინტერესებს, ჩვენს მეზობლებს და აძლიერებს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას", - თქვა აბდულა გიულმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კავშირი ძალიან დიდი ხნისაა და ის უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტს კარგი შედეგი ექნება.

"ჩვენ ბევრ ძალისხმევას ვდებთ იმისათვის, რომ ეს სამმხრივი ურთიერთობა არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ რეგიონს, მთელ მსოფლიოს ემსახუროს, რამეთუ ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებზე", - აღნიშნა ალიევმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით "თბილისის სამიტი 2014" დღეს  გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

კომენტარები