პრეზიდენტი ესტონეთში

მარგველაშვილი: ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით ესტონეთის სრული მხარდაჭერა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთში ვიზიტი დაასრულა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ესტონეთში გამართული შეხვედრები ძალიან იმედისმომცემი იყო. 

"კიდევ ერთხელ ვიგრძენით ესტონეთის სრული მხარდაჭერა, როგორც ჩვენი NATO-ში ინტეგრაციის, ისე ევროპასთან ასოცირების და ევროპის ქვეყანათა ოჯახის წევრად გახდომის მიმართულებით. ეს იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს და ჩვენი არჩეული სტრატეგიული კურსის მიმართ. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ყველა შეხვედრაზე ვთქვი, ჩვენ ვართ ძალიან მადლობელი ჩვენი ესტონელი პარტნიორების", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, ხოლო შემდეგ შეხვდა ესტონეთის პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. 

დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად თბილისში გაემგზავრა.

კომენტარები