საქართველო-ევროკავშირი

ფანჯიკიძე: ევროკავშირთან სამუშაო ვიზები შორეული პერსპექტივაა

ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია სამუშაო და სტუდენტურ ვიზებს არ გულისხმობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა საქართველოში მიმდინარეობს და მისი პირველი ფაზა ზაფხულის არდადეგებამდე სრულდება.

"ეს არის საკანონმდებლო ფაზა, ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომლის განხორციელება მეორე ფაზის საშუალებით უნდა დაიწყოს. მეორე ფაზა ზაფხულის შემდეგ დაიწყება; ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2016 წლისთვის და ეს არის საუკეთესო პროგნოზი, ჩვენ მივაღწევთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს არის მოკლევადიანი ვიზები, 90 დღე 180 დღის განმავლობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეს, ჩვეულებრივი, ორდინალური პასპორტით საშუალება ექნება შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შევიდეს. ეს არ ნიშნავს არც სტუდენტურ და არც სამუშაო ვიზას", - თქვა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცე გულისხმობს რამდენიმე თავისუფლებას. კერძოდ, ეს თავისუფლება ოთხიდან სამ კომპონენტს ეხება.

"ეს არის კაპიტალი, სერვისები და პროდუქცია. ხოლო მეოთხე - სამუშაო სივრცე, ადამიანების შრომითი დასაქმება, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. ასე რომ, ეს რეჟიმი მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უვიზოდ შევიდეს შენგენის ქვეყნებში, მაგრამ იგი არ იძლევა მუშაობის ნებართვას. სამუშაო ვიზებზე ჯერ საუბარი არ არის და ეს ძალიან შორეული პერსპქტივა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები